დღეს თბილისის სპორტის სასახლეში ძიუდოში გრან პრის ტურნირი დაიწყო. წინასწარი შეხვედრები 8 ქართველი ძიუდოისტიდან 7-ისთვის წარუმატებელი გამოდგა.
პაატა მერებაშვილი, ლაშა გიუნაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (სამივე 60 კგ), თორნიკე თათარაშვილი და შალვა ქარდავა (ორივე 66 კგ) ტატამზე მხოლოდ ერთხელ გავიდნენ. გიუნაშვილი სომეხ ჰოვანეს დავთიანთან დამარცხდა, ჩხვიმიანი – ადრიენ რეიმონდთან, მერებაშვილი – ფრანგ ვალიდ ხიართან, ქარდავა სომეხ არსენ ღაზარიანთან, თათარაშვილი – თურქ სინან სანდალთან. მინდია ლილუაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა (ორივე 66 კგ) თითო-თითოჯერ იმარჯვეს მეორე წრეში კი ლილუაშვილი რუს იაკუბ შამილოვთან დამარცხდა, ხოლო მარგველაშვილმა უკრაინის სახელით მოასპარეზე გიორგი ზანთარაიასთან წააგო.
ქართველებისთვის მედლის მოპოვების ერთადერთი იმედი ამირან პაპინაშვილიღა იყო. პაპინაშვილი (60 კგ) ტურნირში მეორე წრიდან ჩართო, სადაც მონღოლ ცოგბაატარ ცენდოჩირირი იპონით 2 წუთსა და 20 წამში დაამარცხა. მეორე შეხვედრაში ამირანმა აზერბაიჯანელ მეჰმან სადიგოვს ვაზარ-იუკოთი სძლია. ტურნირის ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევთან უშანსოდ წააგო. ამ მარცხის შემდეგ პაინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩაერთო. ფინალური მატჩები 17:00 საათიდან დაიწყო, იქამდე კი ტურნირის ოფიციალური გახსნა გაიმართა. სპორტის სასახლეში დამსწრე საზოგადეობას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და მსოფლიო ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენელმა მიმართეს.
დავით ქევხიშვილი (საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი): “დიდი პატივია და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა გრან პრის მასპინძლობა. მინდა მადლობა გადავუხადო სპორტის სამინისტროს და პირადად ლევან ყიფიანს, ძიუდოს საერთაშორის ფედერაციის პრეზიდენს მარიუს ვიზერს და ქართველ გულშემატკივარს, რომელთა როლიც მნიშვნელოვანია ქართული ძიუდოს განვითარებაში. სპორტსმენებს წარმატებებს ვუსურვებ”.
ლევან ყიფიანი (სპორტისა და ახალგაზრდულ საქმთა მინისტრი): “ჩვენთვის დიდი პატივია ასეთი მაღალი დონის ტურნირის მეორეჯერ მასპინძლობა. როგორც იცით 400-მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, რასაც ეს ტურნირი უფრო მაღალ დონეზე აჰყავს. ქართველებისთვის ძიუდო ძალიან მნიშვნელოვანი სპორტია. ჩვენ როგორც გვჩვევია, გრან პრის ისე ვუმასპინძლებთ და იმედია სტუმრები კმაყოფილები დარჩებიან. მინდა მადლობა გადავუხადო ძიუდოს საერთაშორისო პრეზიდენტს მარიუს ვიზერს, რომელიც დიდ ყურადღებას იჩენს ქართული ძიუდოს მიმართ”.
ხუან კარლოს ბარკოსი (მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე): “ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის ბატონი მარკუს ვიზერის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ლევან ყიფიანს, დავით ქევხიშვილს და ყველა იმ ადამიანს ვინც ამ ტურნირის ჩატარებაში იღებს მონაწილეობას”.
გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მონღოლ ამარტუვშინ დაშდაევს დაუპირისპირდა. ქართველი გულშემატკივარი მედლის მოლოდინში იყო, თუმცა ამირანი დამარცხდა და თბილისის გრან პრის პირველ დღეს 8 ქართველი სპორტსმენიდან ვერც ერთმა ვერ შეძლო მედლის მოპოვება.
გრან პრის პირველი დღის ბოლოს ლევან ყიფიანმა და დავით ქევხიშვილმა მცირე კომენტარი გააკეთეს.
ლევან ყიფიანი: “ვიმედოვნებ ხვალ ჩვენი სპორტსმენები მედლებს მოიპოვებენ. ორგანიზატორები ყველაფერს აკეთებენ, რომ ტურნირი მაღალ დონეზე ჩატარდეს. მინდა მთელ ქვეყანას მივულოცო ასეთი დიდი ტურნირის ღირსეულად მასპინძლობა”.
დავით ქევხიშვილი: “ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ მედლების მოპოვება რთული იქნებოდა, რადგან ძალიან ძლიერი სპორტსმენები არიან ჩამოსულები. ვიმედოვნებ ხვალ და ზეგ ჩვენი სპორტსმენები მედლებს მოიპოვებენ”.
ხვალ 21 მარტს დილის 10 საათიდან სპორტის სასახლეში გრან პრის მეორე დღე დაიწყება. ხოლო ფინალური მატჩები 17:00-სთ-დან. ხვალ მედლები კაცებში 73 კგ და 81 კგ კატეგორიებში გათამაშდება.
73 კგ წონით კატეგორიაში საქართველო 4 ძიუდოისტით წარსდგება, ესენი არიან:
ზვიად კაპანაძე, ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი და ფრიდონ გიგანი
81 კგ წონით კატეგორიაში საქართველო 4 ძიუდოისტით წარსდგება:
ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, ამბაკო ავალიანი