ფეხბურთი

18:55 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სუპერთასის პრეზენტაცია თბილისში

20 მარტს სასტუმრო “რედისონში” ევროპის სუპერთასი წარადგინეს. ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა, ამავე ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი რევაზ არველაძე, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ვიცე პრემიერი კახა კალაძე დაესწრნენ. დარბაზში მცირე ხნით საქართველოს სუპერთასის ელჩი გიორგი ქინქლაძე მოვიდა, რომელიც ოჯახური პრობლემის გამო მალევე უკან გაბრუნდა.

რევაზ არველაძე: "განსაკუთრებით ღირსშესანიშნავი დღე გვაქვს. ბრწყინვალე თასი თბილიში ჩამოვიდა, ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, რომ თუ ვინმე სკეპტიკოსი არსებობდა, ისიც დაიჯერებს - სუპერთსის მატჩი თბილიში შედგება. მომავალი თამაშის მნიშვნელობაზე ბევრს არ ვილაპარაკებ. დარბაზში გვესწრებიან საქართველოს მთავრობისა და ქალაქის მერიის წარმომადგენლები".

დომენტი სიჭინავა:'"სუპერთასისი მატჩი პირველად 1974 წელს ჩატარდა. პირველი თასი “მილანსა” და “აიაქსს” შორის გათამაშდა. “მილანმა სახლში 1:0 მოიგო, ხოლო სტუმრად 0:6 წააგო. 1981 წელს თბილისის “დინამოს” “ლივერპულმა” შეხვედრაზე უარი უთხრა. ყველაზე მეტჯერ სუპერთასი “მილანმა” მოიგო - 5. “ბარსელონას” ოთხჯერ მოუგია, ხოლო “ლივერპულს” სამჯერ.

რაც შეეხება მომავალ სუპერთასზე დასასწრები ბილეთების ფასს, ყველაზე იაფი 7 ევრო ეღირება, ყველაზე ძვირი კი 30 ევრო. ბილეთების გაყიდვა ივნისში დაიწყება და გულშემატკივრებს მისი შეძენა ბილეტები.გე-ზე შეეძლება. მატჩამდე ორი კვირით ადრე, დარჩენილი ბილეთები სალაროებში გაიყიდება. ივნისში გვინდა საქართველოში სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგის თასი და ევროპის ლიგის თასი ჩამოვიტანოთ, რომლებსაც სხვადასხვა ქალაქებს შემოვატარებთ. ქალაქები, სადაც ეს თასები ჩავა, მოგვიანებით დასახელდება."

დავით ნარმანია: "მნიშვნელოვანია ევროპული ღონისძიების მასპინძლობა, როგორიც ევროპის სუპერთასის მატჩია. ნანატრი თასი თბილიშია, ჩვენი ქვეყანა და დედაქალაქი დიდ ნაბიჯს დგამს საერთო ევროპული სახლისკენ. დიდი მადლობა უეფას ხელმძღვანელებს, რომლებმაც სუპერთასის მატჩის თბილისში ჩატარება გადაწყვიტეს. თბილისი არაერთი ღირსშესანიშნავი მატჩის მასპინძელი ყოფლა. დარბაზში ზის ფეხბურთელთა თაობა, რომელსაც მნიშვნელოვან შეხვედრაში უთამაშია. თუმცა, დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი თამაში არ ჩატარებულა. “დინამო არენაზე” სრულად განახლდება განათების და გახმოვანების სისტემები, სტადიონი აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით, ახალი ტაბლო დამონტაჟდება. სტადიონის შესასვლელი შეიცვლება. ეროვნული სტადიონი ევროპული მასშტაბის უნდა გახდეს და არამხოლოდ ამ მატჩს უმასპინძლოს. მერია მზადაა, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, არაერთი გრანდიოზული ღონისძიება ჩაატაროს."

კახა კალაძე: “წელს საქართველო საერთაშორისო მოვლენას უმასპინძლებს. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქისთვის. მთავრობა და ქალაქის ხელისუფლება მატჩის მაღალ დონეზე ჩასატარებლად ყველაფერს გააკეთებს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ნაბიჯი ევროპული ოჯახისკენ. მადლობა უეფას ხელმძღვანელობას. ქართულ ფეხბურთს უამრავი ვარსკვლავი ჰყოლია, ჩვენი რამდენიმე თაობის ფეხბურთელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შესულა. ქვეყანამ ტრაგიკული წლები გაიარა და ამან ფეხბურთს თავისი დაღი დაასვა. წარსულით ვამაყობთ და მომავლის იმედი გვაქვს. შევეცდებით ქართული ფეხბურთი ავაღორძინოთ. მადლობა მატჩის ორგანიზატორებს, მერიას, ფეხბურთის ფედერაციას და თითოეულ ადამიანს, რომელსაც წვლილი შეაქვს მომავალი მატჩის ჩატარებაში."

- “დინამო არენაზე” სამუშაოები რამდენად სწრაფად მიმდინარეობს და სუპერთასის მატჩისთვის სტადიონი სრულ მზადყოფნაში იქნება?

დავით ნარმანია: “მინიმუმ კვირაში ერთხელ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდი”, რომელიც მერიის ქვემდებარე ორგანიზაციაა, სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას გვაწვდის. ორ კვირაში ერთხელ სიტუაციას ადგილზე ვეცნობი. პერიოდულად ანგარიშს სახელმწიფო კომისიას ვაბარებ, რომელსაც კახა კალაძე ხელმძღვანელობს. სამუშაოების პირველი ეტაპი 29 მარტამდე უნდა დასრულდეს. 27 ან 28 მარტს ტურნიკების ძირითადი ნაწილის მონტაჟი უნდა დასრულდეს, ასევე ტაბლო უნდა დამონტაჟდეს. გარდა ამისა, სტადიონის კონსტრუქციული ნაწილის გამაგრების პირველი ეტაპიც დასრულდება. ივლისის ბოლოს სტადიონი მზად უნდა იყოს.

- თბილისში რომელი გუნდის ჩამოსვლას ისურვებდით და ამის შანსი ვის აქვს?

კახა კალაძე: "პასუხის გაცემა ძალიან მიჭირს, რადგან წინასწარ პროგნოზის გაკეთება ძნელია. ძალიან კარგი იქნება თუ “ბარსელონა” ჩამოვა."

დავით ნარმანია: "ამ საკითხში იმდენად კომპეტენტური არ ვარ. ვინც ჩამოვა ღირსეულად დავხვდებით."

- სუპერთასის მატჩამდე გენერალური რეპეტიციის ჩატარება და სტადიონის შემოწმება ხომ არ იგეგმება?

დომენტი სიჭინავა:"თბილისში უეფას მუდმივი წარმომადგენელი იმყოფება, რომელიც სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს თვალს ადევნებს. მერიის წარმომადგენლები სტადიონზე კვირაში ერთხელ მიდიან. ჯერჯერობით უეფა კმაყოფილია იმით, რასაც საქართველოს მთავრობა და ქალაქის მერია აკეთებს."

- მატჩზე დასაწრები ბილეთები როგორი პროპორციით განაწილდება?

დომენტი სიჭინავა: "საქართველოში თავისუფალ გაყიდვაში ბილეთების 60 პროცენტი იქნება, 3 000 - 3 000 ბილეთი სუპერთასზე მონაწილე გუნდებს გადაცემა, მათი მხრიდან დამატებითი მოთხოვნის შემთხვევაში, 10 000 ბილეთი ცალკე გადაიდება. მატჩამდე ორი კვირით ადრე ბილეთები ინტერნეტით აღარ გაიყიდება და მათ მხოლოდ სალაროებში შეიძენენ. "

- ბილეთების რეალიზაციის დროს გადამყიდველების პრობლემა ხო არ წარმოიქმნება?

- ბილეთები.გე-ზე ყველა ელექტრონული ბილეთი საპასპორტო მონაცემებით გაიყიდება, ერთი ადამიანი 9 ბილეთზე მეტს ვერ შეიძენს. გადამყიდველების პრობლემა ყოველთვის იყო და ალბათ მომავალშიც იქნება.

სუპერთასის პრეზენტაციას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეც დაესწრო, რომელმაც სხვების მსგავსად მომავალი შეხვედრის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. პრეზენტაციაზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების თავკაცი და ამავე დროს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაზეც იმყოფებოდა. დარბაზში ვეტერანი ფეხბურთელები მურთაზ ხურცილავა და ლევან ნოდია იყვნენ.

რაც შეეხება სუპერთასის ისტორიას, მისი იდეა გაზეთ "დე ტელეგრაფის" ჯერ რიგით ჟურნალისტს, ხოლო შემდეგ სპორტულ რედაქტორს ანტონ ვიტკამპს გაუჩნდა. პირველად სუპერთასი 1974 წელს გათამაშდა. 1998 წლიდან მოყოლებული სუპერთასზე ერთი შეხვედრა ტარდება. 1998-2012 წლებში სუპერთასს 15 ჯერ უმასპინძლა მონაკოს ლუი II სახელობის სტადიონმა. 2013 წელს მატჩი პრაღაში ჩატარდა, ხოლო 2014-ში კარდიფში. თავდაპირველად, სუპერთასის მატჩში ერთმანეთს ევროპის ჩემპიონთა თასისა და თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულები ეჯიბრებოდნენ. თასების თასის გათამაშების გაუქმების შემდეგ სუპერთასის მატჩი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულებს შორის ტარდება.

0.239309