ფეხბურთი

15:24 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია
“ატლეტიკო” – “რეალი” ამჯერად მეოთხედფინალში

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების სეზონის მეოთხედფინალური წყვილები გამოავლინა.

ფრანგული გრანდი პსჟ მეოთხედფინალში კვლავ კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება. მიმდინარე სეზონში აღნიშნული გუნდები ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს უკვე შეხვდნენ. პარიზელებმა შინ 3:2 გაიმარჯვეს, ხოლო “კამპ ნოუზე” 1:3 დამარცხდნენ.

საინტერესო დაპირისპირება იქნება მადრიდის “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის. გასული სეზონის ბოლოს ესპანური გუნდები ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდნენ, ძირითადი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი “სამეფო გუნდმა” 3:0 იმარჯვა, ჯამში მატჩი 4:1 მოიგო და ევროპის უმთავრესს საკლუბო ტიტულს მეათედ დაეუფლა.

მიუნხენის "ბაიერნი" "პორტუს" დაუპირისპირდება. გერმანულმა გრანგმა პორტუგალიურ კლუბებთან ევროტურნირებზე ჯამში 22 შეხვედრა ჩაატარა (13 მოგება, 8 ფრე), მხოლოდ ერთი მატჩი წააგო და ისიც ფინალი. 1986/87 წლების სეზონის გადამწყვეტ შეხვედრაში "დრაკონებმა" "რეკორდაისტერები" ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. ასე რომ, პეპ გვარდიოლას გუნდს რევანშის აღების საშუალება ექნება.

მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები შემდეგნაირად გამოიყურება:

1. “პარი სენ ჟერმენი” – “ბარსელონა”

2. მადრიდის “ატლეტიკო” – მადრიდის “რეალი”

3. “პორტუ” – მიუნხენის “ბაიერნი”

4. ტურინის “იუვენტუსი” – “მონაკო”

მეოთხედფინალურ ეტაპის მატჩები 14/15 და 21/22 აპრილს გაიმართება. 24 აპრილს ნიონში ნახევარფინალური წყვილები გაირკვევა და ფინალის საგზურის მაძიებელი გუნდები ერთმანეთში ურთიერთობას 5/6 და 12/13 მაისს გაარკვევენ. ფინალი კი 6 ივნისს ბერლინში “ოლიმპშტადიონზე” გაიმართება.

0.131337