სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” ძიუდოში თბილისის გრან პრის კენჭისყრა და წინასატურნირო პრესკონფერენცია გაიმართა. ამ პრესტიჟულ ტურნირს თბილისის სპორტის სასახლე 20-22 მარტს უმასპინძლებს. თბილისის გრან პრიზე 45 ქვეყნის 400-მდე უძლიერესი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ ტურნირზე საქართველო 29 სპორტსმენით წარსდგება.
დავით ქევხიშვილი (საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი): “კენჭისყრამ კარგად ჩაიარა. სტუმრები სასტუმროებში დავაბინავეთ. ყველა საორგანიზაციო საკითხი მოგვარებულია და მზად ვართ ტურნირს ღირსეულად ვუმასპინძლოთ”.
ვლადიმირ ბარტა (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სპორტული დირექტორი): “საკმაოდ მნიშვნელოვანი ტურნირია, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტები მიიღებენ მონაწილეობას. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ სპორტსმენს”.
ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი): “ როგორც იცით, ქართულ ძიუდოს დიდი ტრადიცია აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობა. მითუმეტეს, როცა საკუთარ კედლებში ასპარეზობ. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა სპორტსმენს, განსაკუთრებით კი ქართველებს”.
ხვალ, 20 მარტს მამაკაცებში ჩემპიონები და პრიზიორები გამოვლინდებიან 60 და 66 წონით კატეგორიებში.
ამირან პაპინაშვილი, პაატა მერებაშვილი, ლაშა გიუნაშვილი და ლუხუმი ჩხვიმიანი 60 კგ-ში იჭიდავებენ, ხოლო მინდია ლილუაშვილი, თორნიკე თათარაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და შალვა ქარდავა 66 კგ-ში იასპარეზებენ.
60 კგ
ამირან პაპინაშვილი პირველ წრეში ისვენებს, ხოლო მერე წრეში თურქ აჰმეტ საჰინ კაბასა და მონღოლ ცოგტბაატარ ცენდოჩირს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
პაატა მერებაშვილი- ვალიდე ხიარი (საფრანგეთი)
ლაშა გიუნაშვილი - ჰოვჰანეს დავთიანი (სომხეთი)
ლუხუმ ჩხვიმიანი - ადრიან რეიმონდი (საფრანგეთი)
66 კგ
მინდია ლილუაშვილი - ლუის კიბლი (დიდი ბრიტანეთი)
თორნიკე თათარაშვილი – სინან სანდალი (თურქეთი)
ვაჟა მარგველაშვილი – ელიო ვერდე (იტალია)
შალვა ქარდავა – არსენ ღაზარიანი (სომხეთი)
შეჯიბრებები 09:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 17 სთ-დან.