ჩოგბურთი

11:02 | 19.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოთხეულის მეოთხედფინალი და მარეის რეკორდი

მსოფლიო რეიტინგსიის საუკეთესო ოთხეულის წევრები ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი, რაფა ნადალი, ენდი მარეი ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის მეოთხედფინალში ორსეტიანი პაექრობების შემდეგ გავიდნენ.

კლასიფიკაციის ლიდერმა ჯოკოვიჩმა ტურნირზე მერვე ნომრად განთესილ ამერიკელ ჯონ იზნერს 6:4, 7:6 მოუგო და ნახევარფინალში გასასვლელად ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს შეხვდება.

სადიდსლემო შეჯიბრებების 17-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა მეოთხედფინალისკენ მიმავალი გზიდან კორტის კიდევ ერთი მასპინძელი, ჯეკ სოკი იოლად, 6:3, 6:2 ჩამოიშორა. შვეიცარიელის მომდევნო მეტოქე ჩეხი ტომაშ ბერდიხია. “სოკთან ლამის იდეალური მატჩი ჩავატარე. კარგად ვაწოდებდი და ბურთის მიღებაც კარგი მქონდა. ბერდიხთან რთული მატჩი მელის. აღარც კი მახსოვს, პირველად ერთმანეთს როდის დავუპირისპირდით. მას შემდეგ მოყოლებული ტომაში პირველი ათეულის ჩოგბურთელად ჩამოყალიბდა და მეტად რთული შეხვედრა მელის”, - განაცხადა ფედერერმა.

მალიორკელმა რაფა ნადალმა ფრანგ ჟილ სიმონს 6:2, 6:4 მოუგო და მეოთხედფინალში ჩერნოგორიული წარმოშობის კანადელ მილოშ რაონიჩს დაუპირისპირდება.

უპრობლემოდ იმარჯვა შოტლანდიელმა ენდი მარეიმაც. მან ფრანგ ადრიან მანარინოს 6:3, 6:3 სძლია და პროფესიული საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში 496-ე მატჩი მოიგო. ეს კი “ღია ეპოქაში” ბრიტანელ მოთამაშეთაგან საუკეთესო შედეგია. “არცკი ვიცოდი, მოგების შემთხვევაში რეკორდს რომ დავამყარებდი ტიმ ჰენმანის მიღწევას გავაუმჯობესებდი”, - დასძინა მარეიმ.

0.115054