ფეხბურთი

3:07 | 19.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

8 საუკეთესო გუნდში ინგლისელების ადგილი კვლავ არ მოიძებნა

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალების ბოლო დღეს ფეხბურთი მხოლოდ ორმა გუნდმა ითამაშა და ისინი მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავიდნენ. „ბარსელონამ“, დიდი უპირატესობის მიუხედავად, „სიტის“ მხოლოდ ერთი გოლი აკმარა, ხოლო „იუვენტუსმა“ „დორტმუნდი“ არ დაინდო და მეტოქეს, მისსავე მოედანზე, 3:0 მოუგო.

„ბარსელონამ“, პირველ მატჩში 2:1 მოგებით, დიდი უპირატესობა მოიპოვა. „კამპ ნოუზე“ გამართული განმეორებითი მატჩის საწყისი წუთებიდანვე გამოჩნდა, რომ „სიტის“ ორრაუნდიანი დაპირისპირების თავისთვის სასიკეთოდ დასრულება ძალიან გაუჭირდებოდა. ლუის ენრიკეს ფეხბურთელები ძალზე ლაღად თამაშობდნენ, ხოლო „ქალაქელებს“ შეტევაში გადასვლა უჭირდათ.

„სიტის“ მიერ გოლის გაშვება მოსალოდნელი იყო. „ქალაქელებს“, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 14 თამაშში, კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ შენახული. ჯო ჰარტმა მორიგი გოლი დღევანელი მატჩის 31-ე წუთზე გაუშვა, როდესაც მესის ძალიან კარგი გადაცემის შემდეგ, რაკიტიჩმა მას ბურთი თავზე გადაუგდო.

ხორვატი ნახევარმცველი „ბარსელონას“ ისტორიაში 71-ე ფეხბურთლი გახდა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაუტანია. კატალონიელები, ამ მხრივ, რეკორდსმენები არიან.

საგოლე გადაცემის ავტორმა, ლეო მესიმ, მთელი თამაში ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. მხოლოდ პირველ ტაიმში, მან 7 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა. ორივე გუნდის დანარჩენი ფეხბურთელების აქტივში კი მხოლოდ 8 დრიბლინგი იყო. მესის, მთელი შეხვედრის განმავლობაში, 11 წარმატებული დრიბლინგი დაუგროვდა. ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთედ მოხდა, რომ მესიმ, ერთ მატჩში, 10 ან მეტი წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და „ბარსას“ მეტოქე ხუთივე შემთხვევაში ინგლისური გუნდი იყო.

„ბარსელონა“ არც მე-2 ტაიმში გაჩერდა, მაგრამ სტუმართა კარის დარაჯი შეუდარებელი იყო. ჯო ჰარტი მიმდინარე გათამაშებაში პირველი მეკარე გახდა, რომელმაც ერთ მატჩში ბურთი 10-ჯერ მოიგერია. რომ არა ინგლისელი კიპერი, „ქალაქელები“, დიდი ალბათობით, განადგურდებოდნენ.

„სიტის“ შანსი ჰქონდა ჰარტის გაბრწყინება გამოეყენებინა და ორრაუნდიან დაპირისპირებაში სიტუაცია დაეძაბა. „ქალაქელებს“ ამის შანსი 78-ე წუთზე მიეცათ, როდესაც ხერარდ პიკემ სერხიო აგუერო საპენალტედ წააქცია. თუმცა, არგენტინელმა მისივე გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი ცუდად შეასრულა და ტერ შტეგენს ბურთის მოგერიების საშუალება მისცა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც „სიტიმ“, ჩემპიონთა ლიგაზე, პენალტი ვერ გამოიყენა. „ქალაქელებს“, წინა 8 შემთხვევაში, გოლი ყოველთვის გაჰქონდათ.

აგუეროს მიერ გაცუდებული დარტყმის შემდეგ, თამაში კვლავ „ბარსელონამ“ და ჯო ჰარტმა განაგრძეს. ინგლისელმა კატალონიელებს მე-2 ბურთი აღარ გაატანინა, მაგრამ ლუის ენრიკეს გუნდს, 1/4-ფინალში გასასვლელად, ეს არც ჭირდებოდა.

„ბარსელონა“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ზედიზედ მერვედ გააღწია. კატალონიელთა ამ წარმატების შემდეგ, ლიგას ინგლისური გუნდი აღარ შემორჩა. 1997 წლის შემდეგ მეორედ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის ინგლისელთა ადგილი არ მოიძებნა. ორივე შემთხვევაში (2012/13 წლების და 2014/15 წლების სეზონები), ინგლისის მოქმედი ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ იყო.

„ბარსელონას“ მიერ „სიტის“ გამოგდების შემდეგ ესპანურმა გუნდებმა სტატისტიკა კიდევ უფრო გაიუმჯობესეს. ბოლო 27 შემთხვევიდან, როდესაც ესპანური გუნდი, ევროტურნირის ფლეი ოფში, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა, პირენეელები მომდევნო ეტაპზე 25-ჯერ გავიდნენ. ინგლისელებთან გამართული ბოლო 16 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან კი ესპანელებმა 15 მოიგეს.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ 3 ინგლისური გუნდი ასპარეზობას ერთ ეტაპზე გამოეთიშა. მსგავსი რამ გერმანულ კლუბებსაც პირველად შეემთხვათ. „შალკესა“ და „ლევერკუზენის“ შემდეგ, ევროტურნირი „დორტმუნდმაც“ დატოვა, თუმცა, პირველი 2 გუნდისგან განსხვავებით, უბრძოლველად.

იურგენ კლოპის გუნდს ტურინში 1:2 ჰქონდა წაგებული, რაც დორტმუნდელებს მომდევნო ეტაპზე გასვლის არცთუ მცირე შანსს უტოვებდა. თუმცა, „ბებერმა სინიორამ“ გერმანელი მეტოქე უპრობლემოდ დაამარცხა.

დორტმუნდში გამართულ შეხვედრაში ანგარიში კარლოს ტევესმა გახსნა. მე-3 წუთზე არგენტინელის მიერ შორიდან დარტყმულს ვაიდენფელერი მოუმზადებელი შეხვდა და მასპინძელთა მეკარემ ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა.

შეხვედრის სტარტზე გოლის გაშვების მიუხედავად, „დორტმუნდი“ გამოუვალ მდგომარეობაში არ ჩავარდნილა. გერმანელებს, 2 უპასუხო გოლი, თამაშის დამატებით დროში გადაყვანის საშუალებას მისცემდა. შეხვედრაში კიდევ 2 ბურთი კი გავიდა, მაგრამ ორივე ვაიდენფელერის კარში.

70-ე წუთზე, შეხვედრის გმირის, კარლოს ტევესის გადაცემის შემდეგ, ალვარო მორატა ცარიელი კარის წინ დარჩა და ესპანელს გატანა არ გასჭირვებია. 22 წლის თავდამსხმელს, ჩემპიონთა ლიგაზე, 3 გოლი დაუგროვდა. მან, სამივე შემთხვევაში, თავი ფლეი ოფში გამოიჩინა და მისი გუნდის მეტოქე სამივეჯერ გერმანული გუნდი იყო.

ათიოდ წუთში, კვლავ ტევესის ჯერი დადგა. არგენტინელმა, 79-ე წუთზე, თანამემამულე პერეირას გადაცემა გამოიყენა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

ტევესმა, მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 8 მატჩში, მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო. შედარებისთვის, ჩემპიონთა ლიგის წინა 33 შეხვედრაში მას ამდენივე ბურთი ჰქონდა გატანილი.

ჩემპიონთა ლიგის ყველა 1/4-ფინალისტი ცნობილია. პსჟ-ს, „ბარსელონას“, „ატლეტიკოს“, „იუვენტუსს“, „რეალს“, „ბაიერნს“, „მონაკოსა“ და „პორტუს“ 20 მარტს გასამართი წილისყრა დააწყვილებს.

ბარსელონა-სიტი 1:0 (პირველი მატჩი 2:1)

ბარსელონა, “კამპ ნოუ”

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი (ადრიანო 90+1), პიკე, მატიე, ალბა, მასკერანო, რაკიტიჩი (რაფინია 84), ინიესტა, მესი, სუარესი, ნეიმარი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

სიტი (4-4-1-1): ჰარტი, სანია, კომპანი, დემიკელისი, კოლაროვი, ნასრი (ნავასი 46), ტურე (ბონი 72), ფერნანდინიო, მილნერი (ლემპარდი 87), სილვა, აგუერო

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლი: 1:0 რაკიტიჩი (31)

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: აგუერო 78

გაფრთხილებები: ალვესი 80 – ფერნანდინიო 15, კოლაროვი 20, სილვა 27, ნასრი 36, დემიკელისი 82

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 23 (11)-14 (4), კუთხური: 7-5, თამაშგარე: 3-0, სეივი: 4-10, ჯარიმა: 6-12.

დორტმუნდი-იუვენტუსი 0:3 (პირველი მატჩი 1:2)

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პაპასტატოპულოსი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი (კირხი 46), ბენდერი (რამოსი 63), გიუნდოგანი, კამპლი, მხითარიანი (კუბა 63), როისი, ობამეიანგი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, ვიდალი, მარკიზიო, პოგბა (ბარძალი 27), პერეირა, ტევესი (პეპე 81), მორატა (მატრი 78).

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლები: 0:1 ტევესი (3), 0:2 მორატა (70), 0:3 ტევესი (79).

გაფრთხილება: როისი 73.

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი).

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 10 (2)-10 (6), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 3-2, სეივი: 3-2, ჯარიმა: 7-10.

0.326887