ფეხბურთი

23:52 | 18.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

 მეტოქეთათვის ფრე ლოგიკური შედეგია

როგორც მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატს შეეფერება ლანჩხუთში გამართულ შეხვედრას დაძაბულობა ნამდვილად არ აკლდა, რასაც ვერ ვიტყვით მატჩის სანახაობრივ მხარეზე. აკი თქვა კიდეც მატჩის შემდეგ გორელთა ახალგაზრდა დამრიგებელმა უჩა სოსიაშვილმა – დღეს ჩვენ რაც ვითამაშეთ ამას ფეხბურთი ნაკლებად ეთქმის, უფრო ფრენბურთის ელემენტები ჭარბობდაო.

არადა შეხვედრა სტუმრებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და პირველი სახიფათო ჩხვლეტა მატჩის დებიუტშივე განახორციელეს. გორელიშვილის ფლანგურ გადაცემას კვეკვესკირმა თავით მიმართულება შეუცვალა, თუმცა გოგუაძეს სწორი პოზიცია ეჭირა და ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია.

ამის შემდეგ ტაქტიკური ბრძოლა გაგრძელდა. ორივე გუნდი მოედნის ცენტრის დაუფლებას და ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა. ასე გაგრძელდა ტაიმის შუაწელამდე. დროის ამ მონაკვეთში ბურთი უმეტესად მოედნის ცენტრალურ ნაწილში ტრიალებდა და სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა.

საყვარელი გუნდის საქომაგოდ მოსული მრავალრიცხოვანი გულშემატკივრები პირველად 23-ე წუთზე ახმაურდნენ. შალამბერიძის მოწოდებულ კუთხურზე ცინცაძემ მეტოქის მცველებს დაასწრო და თავით ბურთი ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ ისიანს დაუგდო. ლანჩხუთელთა ფორვარდის შეუჩერებელი დარტყმა სომხიშვილმა ნახტომში მოიგერია, დამატებაზე კი მასპინძლებმა ვეღარ ივარგეს.

5 წუთში შიდაქართლელებმა თითქმის ანალოგიური საპასუხო შეტევა განახორციელეს. გორელიშვილმა მარცხენა ფრთაზე თავისი მეურვე ჩამოიტოვა და მაღალი გადაცემით ბურთი შორეულ ძელთან მყოფ კვეკვესკირისკენ გადაამისამართა, რომელმაც იგი თავით გვალიას დაუგდო. გორელი ნახევარმცვლელის ძლიერი გასროლა ხარიხას ზევიდან გადაევლო.

ნახევარი საათის მიწურულს თავის გამოჩენის შანსი მოსიაშვილს მიეცა, რომელმაც მეტოქის შეუთანხმებელი მოქმედებითი ისარგებლა, ბურთს დაეუფლა და საჯარიმოს მისადგომებიდან გამიზნული დარტყმა სცადა. ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

ტაიმის ბოლოს მასპინძლებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ. შალამბერიძის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის გორელები საკუთარ ნახევარზე დაჯარიმდნენ. სტანდარტული კოშკაძემ შეასრულა და ჩახვეული დარტყმით ბურთი მეტოქის კარისკენ გაგზავნა. შეტევაში ჩართულმა ჭეიშვილმა სომხიშვილს დაასწრო და მეკარის ბაქნიდან თავური დარტყმა განახორციელა. გორელთა სასიხარულოდ ბურთი ოდნავ გადასცდა ხარიხას.

მატჩის მეორე ნახევარიც პირველის ანალოგიურად დაიწყო. შეხვედრის განახლებისთანავე სტუმრებს დაწინაურების შესაძლებლობა ჰქონდათ. ახალკაცის გამჭოლ გადაცემას რაზმაძე აგვირგვინებდა, მაგრამ საბოლოოდ მცველებმა იმარჯვეს და გორელ ფეხბურთელს უკანასკნელ წამს დაუფარეს.

ამის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა, მაგრამ თუ არ ჩავთვლით კოშკაძის და შალამბერიძის აცილებულ შორეულ დარტყმებს, რეალურ სახიფათო მომენტამდე საქმე არ მისულა. მეტოქეები შედარებით მატჩის ბოლოს გამოცოცხლდნენ და რამდენიმე მწვავე იერიშიც განახორციელეს.

პირველად თავის გამოჩენის შანსი ისიანს ჰქონდა. თანაგუნდელების წამოწყებული კომბინაციის შემდეგ იგი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ოდნავ მახვილი კუთხიდან სახიფათოდ გაისროლა, თუმცა სომხიშვილი უნაკლოდ გაისარჯა და ბურთს ნახტომში დაეუფლა.

მალე თითქმის ანალოგიური მდგომარეობიდან ახალკაცი ურტყამდა, მაგრამ თავის ვიზავის არც შეცვლაზე შესული იმერლიშვილი ჩამორჩა. იგი ოდნავ წინ გამოვიდა, მომხვდურს დარტყმის კუთხე შეუმცირა და თავისიანები უსიამოვნებისგან იხსნა.

აღსანიშნავია, რომ გურულთა მეკარე თამაშში უკანასკნელ ხანს წარმატებით მოასპარეზე გოგუაძის ტრავმის შემდეგ ჩაერთო. მოედანზე მისი შესვლის დროს კი ადგილობრივმა დიქტორმა იმერლიშვილს ვაჟის დაბადება მიულოცა, რასაც გულშემატკივართა მქუხარე ოვაცია მოჰყვა.

არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში გურულებმა მთელი ძალ-ღონე მოიკრიბეს და უკანასკნელი შტურმის მოწყობა სცადეს. ზედიზედ ორჯერ სახიფათო მომენტიც შექმნეს, რაც კუთხურის გათამაშებას მოჰყვა, თუმცა შალამბერიძის და კოშკაძის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.

მალე ხარიტონაშვილის საფინალო სასტვენი გაისმა, რომელმაც საბრძოლო ფრე დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

თემურ ლორია (,,გურია”): ,, გორელები მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერები არიან. მძიმე ბრძოლა გვქონდა. თანაბარი თამაში გამოვიდა, ამიტომ ფრე ლოგიკურად მიმაჩნია.”

უჩა სოსიაშვილი (,,დილა”): ,, ასეთ მინდორზე ძნელია კომბინაციური ფეხბურთი ითამაშო. აქცენტი ჩაწოდებებზე ავიღეთ, თუმცა მოგება ვერ შევძელით. მეტოქეც საკმაოდ ძლიერი გვყავდა. ერთი ქულა მისაღებია. ვფიქრობ შედეგი სამართლიანია.”

,,გურია’’ (ლანჩხუთი) – ,,დილა” (გორი) 0:0 (0:0)

18 მარტი. 15.00. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე’’. 2000 მაყურებელი.

,,გურია”: გოგუაძე (იმერლიშვილი (63), ცინცაძე, ე. კილაძე, ჭეიშვილი, მჭედლიშვილი, ზოზულია, კოშკაძე (კ), მოსიაშვილი, ინგოროყვა (ბენაშვილი 63), შალამბერიძე, ისიანი (მათიაშვილი 88);

მთ. მწვრთნელი: თემურ ლორია

,,დილა”: სომხიშვილი (კ), მარიჩი, ბაგაევი, ქარქუზაშვილი, ხურცილავა, რაზმაძე (წიქარიძე 52), ფალავანდიშვილი, გვალია (სეთურიძე 56), კვეკვესკირი (მოდებაძე 86), გორელიშვილი, ახალკაცი;

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გაფრთხილება: ხურცილავა (43), შალამბერიძე (45+2), ჭეიშვილი (54), მოსიაშვილი (73), მოდებაძე (90+2);

არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი

1. დინამო თბ. 20 13 2 5 34:17 41
2. დინამო ბთ. 20 12 3 5 26:16 39
3. დილა 20 11 5 4 29:15 38
4. სამტრედია 20 10 4 6 25:15 34
5. ცხინვალი 20 10 3 7 20:25 33
6. ჩიხურა 20 8 6 6 26:22 30
7. გურია 20 7 8 5 19:25 29
8. შუქურა 20 7 6 7 21:20 27
9. ტორპედო 20 5 9 6 22:21 24
10. მეტალურგი 20 6 6 8 19:21 24
11. ზესტაფონი 20 5 8 7 37:33 23
12. მერანი 20 5 7 8 15:20 22
13. კოლხეთი 20 5 6 9 16:25 21
14. ზუგდიდი 20 5 6 9 13:23 21
15. სიონი 20 4 5 11 18:32 17
16. ვიტ ჯორჯია 20 3 4 13 17:27 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

8 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა),

6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი), შოთა ლომია (ზუგდიდი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.140046