ჭადრაკი

14:21 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

დღეს მსოფლიო ჩემპიონატის პირველი პარტიები ჩატარდება

რუსეთის ქალაქ სოჭში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალური პირველობა. ტურნირში საჭადრაკო სამყაროს წარმომადგენელი 64 უძლიერესი ქალი იღებს მონაწილეობას, რომლებიც ოლიმპიური სისტემით ითამაშებენ.

პირველი ტურის პარტიები სტარტს დღეს, თბილისის დროით 16.00 საათზე აიღებს. მონაწილეები შემდეგი დროის კონტროლით იასპარეზებენ: 90 წუთი პირველ 40 სვლაზე და შემდეგ, 30 წუთი პარტიის დასასრულამდე; 30-წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან. თავდაპირველად, 2 კლასიკური პარტია გათამაშდება, მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში კი გამარჯვებულს ტაი-ბრეიქებზე გაირკვევა.

ტაი-ბრეიქი ასეთი ფორმატისაა: ორი პარტია – 25 წუთს+10 წამი პირველივე სვლიდან; თანაბარი ანგარიშის შემთხვევაში, კიდევ 2 პარტია 10წთ.+10 წმ.; თანაბარ ანგარიშზე ისევ 2 პარტია ემატება 5 წთ.+3 წმ. თუ კიდევ თანაბარი ანგარიში შენარჩუნდა, მერე უკვე საქმეში “არმაგედონი” (თეთრებს 5 წუთი, შავებს – 4 წუთი +3 წმ. ყაიმზე შავები იმარჯვებენ) ჩაერთვება.

სამყაროს უძლიერეს ქალთა შეჯიბრში საქართველოს ღირსებას ბელა ხოტენაშვილი (2513), ლელა ჯავახიშვილი (2481), სალომე მელია (2459), ნინო ხურციძე (2457), მერი არაბიძე (2374) და სოფიკო გურამიშვილი (2367) დაიცავენ.

სამწუხაროდ, პირველ წრეში ორ ქართველ მოჭადრაკეს: ჯავახიშვილს და გურამიშვილს მოუწევს ერთმანეთთან თამაში. ხურციძე ეკატერინა კოვალევსკაიას (რუსეთი, 2438) დაუპირისპირდება, მელია – სუკანდარ ხარისმას (ინდონეზია, 2415), არაბიძე (2374) – ელიზაბეტ პეტცს (გერმანია, 2479), ხოლო ხოტენაშვილი (2513) – კუბრა ოზთურქს (თურქეთი, 2284).

მსოფლიო ჩემპიონატის სრული განრიგი ასეთია:

პირველი წრე (64 მონაწილე): 17-18 მარტი – მინი-მატჩის 2 პარტია, 19 მარტი – ტაიბრეიქი;

მეორე წრე (32 მონაწილე): 20-21 მარტი – მინი-მატჩის 2 პარტია, 22 მარტი – ტაიბრეიქი;

მესამე წრე (16 მონაწილე): 23-24 მარტი – მინი-მატჩის 2 პარტია, 25 მარტი – ტაიბრეიქი;

მეოთხე წრე (8 მონაწილე): 26-27 მარტი – მინი-მატჩის 2 პარტია, 28 მარტი – ტაიბრეიქი;

მეხუთე წრე (4 მონაწილე): 29-30 მარტი - მინი-მატჩის 2 პარტია, 31 მარტი – ტაიბრეიქი;

დასვენების დღეს 1 აპრილი, ფინალური მატჩის წინ.

მეექვსე წრე – ფინალი (2 მონაწილე): 2-5 აპრილი მინი-მატჩის 4 პარტია, 6 აპრილი – ტაიბრეიქი; 7 აპრილი – მსოფლიოს ჩემპიონატის დახურვის საზეიმო ცერემონიალი.

0.111133