სხვა

14:07 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი სუმოისტების მარცხიანი დღე ოსაკაში

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე მარტის სუპერტურნირის მე-10 დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის – როგორც ტოჩინოშინმა, ასევე – გაგამარუმ მარცხი განიცადეს.

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ, რომელიც ჰარუ ბაშოზე დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით ირჯება, დასავლეთის კომუსუბი მიოგირიუსთან ოშიდაშით წააგო და თანაბარ ბალანსზე (5 მოგება, 5 მარცხი) გავიდა.

ქართველ სუმოისტს დარჩენილი 5 შერკინებიდან მინიმუმ სამის მოგება სჭირდება, რათა კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) დააფიქსიროს და წოდებაში დაწინაურდეს. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ოძეკი კოტოშოგიკუ იქნება, ამდენად, ლევანს რთული ბრძოლა ელის.

7 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს, რომელიც ოსაკაში დასავლეთის მე-15 მაეგაშირას ტიტულით ასპარეზობს. ქართველმა გოლიათმა აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა ჩიიოოტორისთან შიტატენაგეთი წააგო და ეს, მისთვის პირველი წარუმატებლობა ზედიზედ 7 გამარჯვების შემდეგ.

გაგამარუს დადებით ბალანსამდე კვლავაც ერთადერთი მოგება აშორებს, მომდევნო შერკინება კი აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ოსუნაარაშისთან ელის.

მორიგი “იმპერატორის თასის” მოგების კარგი შანსი გააჩნია მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოს, რომელსაც ათივე გასული ორთაბრძოლა მოგებული აქვს, მისი უახლოესი მდევარი კი აღმოსავლეთის სეკივაკე ტერუნოფუჯი გახლავთ 9 გამარჯვებით.

0.132342