როცა კაცს თითქმის მისი სეხნია უყვარდება, რა შეიძლება იფიქრო მასზე? პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, იმას იფიქრებ, რომ ამ კაცს სექსუალური ორიენტაცია შეუცვლია, ქალებიდან მზერა კაცებისაკენ გადაუტანია და მის ფიქრებში ისეთი რამეები მიდი-მოდის, იმის აღწერა ფროიდსაც კი გაუჭირდებაო. მაგრამ, საქმე ამ შემთხვევაში სულ სხვანაირადაა...
“იმპერატორად” სახელდებული ბრაზილიელი ვეტერანი გოლეადორი, ადრიანო ხომ გახსოვთ? ის ადრიანო, ალკოჰოლი და ქალები გორელ მეზურნეზე არანაკლებად რომ უყვარს... ჰოდა, ამ ადრიანოს უთქვამს, ჩემი ოცნების ქალი, ბრაზილიელი მოდელი, ადრიანა ლიმაა და ამ ქალის ტრფობა რახანია გულში მაქვს ჩაგუბებულიო.
რთული სათქმელია, წარმატების ზენიტში მყოფი ბრაზილიელი მოდელი გაიხედავს თუ არა გალოთებული თანამემამულე ფეხბურთელისაკენ, მაგრამ ”იმპერატორი” ისეთი მაღვალაკი ვინმეა, თუ მოინდომა შეიძლება ბაბილონის პრინცესას გულიც კი მოიგოს. მთავარია, ერთი 100 გრამი ვისკი ჰქონდეს იმ დროს ჟანგიან ყელში გადაშვებული.