ფეხბურთი

3:36 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

რეინას უნიკალური მიღწევა და ახალწვეულებთან ცუდად მოთამაშე ინგლისის ჩემპიონი

ინგლისი

ინგლისის მოქმედ ჩემპიონს, „მანჩესტერ სიტის“, პრემიერლიგაში გასულ ზაფხულში გადასულ გუნდებთან თამაში უჭირს. უმაღლეს ლიგაში ბოლოს აღზევებული 3 გუნდიდან ერთადერთი, რომელიც „ქალაქელებმა“ დაამარცხეს, „ლეიკესტერ სიტია“. დანარჩენ ორგუნდთან გამართულ 3 შეხვედრაში „სიტიმ“ მხოლოდ 2 ქულა აიღო. 2000/01 წლების სეზონის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა, პრემიერლიგაში ახლადაღზევებულ გუნდებთან ქულები სამ მატჩში დაკარგა. 14 წლის წინათ ასეთი შედეგი მე-2 მანჩესტერულ გუნდს, „იუნაიტედს“ ჰქონდა.

„ბარნლი“, „ჩელსისა“ და „არსენალის“ შემდეგ მე-3 გუნდი გახდა, რომელსაც „სიტიმ“, მიმდინარე გათამაშებაში, ორიდან ვერცერთი თამაში ვერ მოუგო. მანჩესტერში 2:2 თამაშის შემდეგ, პელეგრინის გუნდმა ბარნლიში 0:1 წააგო.

„ბარნლისთან“ გამართული შეხვედრა „სიტის“ ვეტერანი ნახევარმცველისთვის, ფრენკ ლემპარდისთვის განსაკუთრებული იყო. ის, რაიან გიგზის შემდეგ, მე-2 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერლიგაში 600 თამაში ჩაატარა.

ლემპარდის ყოფილმა გუნდმა, „ჩელსიმ“, ქულები ბოლო სამ მატჩში მეორედ დაკარგა. ლონდონურმა კლუბმა, 2015 წელს, 16 თამაში ჩაატარა. „არისტოკრატებმა“ ანგარიში ყველა მათგანში გახსნეს, მაგრამ მხოლოდ 8-ჯერ მოიგეს. მორიგი შემთხვევა, როდესაც ჟოზე მოურინიოს გუნდმა უპირატესობა ვერ გამოიყენა, „საუთჰემპტონთან“ გამართულ საშინაო თამაშში დაფიქსირდა.

სეზონის მე-2 ნახევარში „ჩელსის“ ცუდად ათამაშების ერთ-ერთი მიზეზი სესკ ფაბრეგასია, რომელიც გუნდს გოლით ბოლოს 22 დეკემბერს, ხოლო საგოლე გადაცემით 17 იანვარს დაეხმარა. ახალი კალენდარული წლის დაწყების შემდეგ ფაბრეგასის შედეგიანობის კლება სიახლე არაა. ბოლო 6 სეზონში, ესპანელი ფეხბურთელის მაჩვენებლები სეზონის მე-2 ნახევარში ყოველთვის იკლებდა. სტატისტიკოსებმა უკანასკნელი 6 სეზონის მონაცემები დათვალეს და ასეთი შედეგი მიიღეს: ფაბრეგასმა, სეზონის პირველ ნახევარში, მონაწილეობა 86 გოლში მიიღო, ხოლო სეზონის მე-2 ნახევარში - მხოლოდ 33 გოლში.

ფაბრეგასის ამჟამინდელმა გუნდმა, ახალი კალენდარული წლის დაწყების შემდეგ, თამაშს უკლო, ხოლო ყოფილმა - უმატა. „არსენალმა“ ზედიზედ მე-5 შეხვედრა მოიგო, რაშიც დიდი წვლილი ოლივიე ჟირუს მიუძღვის. ფრანგმა თავდამსხმელმა, „ვესტ ჰემთან“ 3:0 მოგებულ შეხვედრაში, თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ჟირუს, პრემიერლიგის ბოლო 8 თამაშში, 6 გოლი და 3 შედეგიანი პასი დაუგროვდა.

„ვესტ ჰემთან“ გამართული თამაში „არსენალის“ მიერ პრემიერლიგაში ზედიზედ მოგებული მე-8 საშინაო შეხვედრა იყო. ლონდონურ გუნდს ასეთი შედეგი 2005 წლის შემდეგ პირველად აქვს.

წარმატებული ტური ჰქონდა „მანჩესტერ იუნაიტედსაც“, რომელმაც, „არსენალის“ მსგავსად, 3:0 მოიგო. „წითელმა ეშმაკებმა“ „ტოტენჰემთან“ არსებული 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს.

მორიგი გოლი გაიტანა უეინ რუნიმ, რომელმაც „ოლდ ტრაფორდზე“ ჩატარებულ პრემიერლიგის ბოლო 14 შეხვედრაში თავი მეთოთხმეტედ გამოიჩინა. 29 წლის ფეხბურთელი განსაკუთრებული შედეგიანობით კვირა დღეს გამართულ მატჩებში გამოირჩევა. ამ დღეს, მას უკვე 55 გოლი დაუგროვდა. პრემიერლიგის ისტორიაში, არცერთ სხვა ფეხბურთელს კვირა დღეს 46 გოლზე მეტი არ გაუტანია.

მატჩის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი მაიკლ კერიკი იყო, რომელმაც აქტივში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა. საინტერესოა, რომ პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, იმ მატჩებში, რომლებშც კერიკი მოედანზეა, „მანჩესტერი“, საშუალოდ, 2.2 ქულას იღებს, ხოლო თუ კერიკი არ თამაშობს, საშუალო მაჩვენებელი 1.6 ქულა არის.

იმ დროს, როდესაც „მანჩესტერისა“ და „ტოტენჰემის“ დაპირისპირების ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, ლუი ვან გაალმა მოედანზე 19 წლის ბელგიელი შემტევი ანდრეას პერეირა შეუშვა. ამ ცვლილების შემდეგ, „მანჩესტერს“, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, უკვე 32 ფეხბურთელი ჰყავს გამოყენებული, რაც, რა თქმა უნდა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„ლივერპულმა“ ზედიზედ მე-5 თამაში მოიგო. ბრენდან როჯერსის გუნდმა კარი მშრალად პრემიერლიგის ზედიზედ მე-6 გასვლით შეხვედრაში შეინახა. მერსისაიდელებს ასეთი შედეგი აქამდე მხოლოდ 2-ჯერ (1966 და 1972 წლებში) ჰქონიათ, ამაზე უკეთესი კი არასდროს.

„ლივერპულს“, ორშაბათ დღეს თამაში მოგების დიდ შანსს არ აძლევდა, მაგრამ მერსისაიდელთა სასიხარულოდ, მათი მეტოქე „სუონსი“ იყო. საქმე ისაა, რომ ბრენდან როჯერსის გუნდს, ორშაბათს ჩატარებული ბოლო 8 თამაშიდან მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული და ისიც „სუონსისთან“.

უელსში გამართულ შეხვედრაში „ლივერპულს“ 3 ქულა ჯორდან ჰენდერსონის გოლმა მოუტანა. 24 წლის ნახევარმცველმა თავი პრემიერლიგის ზედიზედ მე-3 შეხვედრაში გამოიჩინა.

„ასტონ ვილას“, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, სტუმრად ჩატარებულ პირველ 14 თამაშში მხოლოდ 4 გოლი ჰქონდა გატანილი. 29-ე ტურში, ბირმინგემელები „სანდერლენდს“ ეწვივნენ და მათ 4 გოლის გასატანად ერთი ტაიმი ეყოთ.

სანდერლენდში გამართული შეხვედრის 83-ე წუთზე მოედანზე სტუმართა თავდამსხმელი რუშენ ჰეფბერნ-მერფი შევიდა. ამ დროისთვის, ის მხოლოდ 16 წლისა და 176 დღის იყო. ბირმინგემელთა შემტევი პრემიერლიგის ისტორიაში მე-4 ყველაზე ახაგალზრდა ფეხბურთელი გახდა. ჰეფბერნ-მერფი „ასტონ ვილას“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსც პრემიერლიგაში უთამაშია. მან გარეთ ბერის აჯობა. როდესაც ბირმინგემელთა რიგებში ბერის დებიუტი შედგა (1998 წელს), ჰეფბერნ-მერფი მხოლოდ 3 თვის იყო.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში უკვე 22-ედ მოხდა, რომ „ქუინს პარკ რეინჯერსმა“ მეტოქეს ანგარიშის გახსნის საშუალება მისცა. ბუნებერივია, ეს ყველაზე ცუდი შედეგია.

კრის რემსის გუნდმა „კრისტალ პალასთან“ 1:3 წააგო. ლონდონური დერბის მასპინძლებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს, რაც მათ პრემიერლიგის ისტორიაში პირველად მოახერხეს.

„ლეიკესტერ სიტი“ და „ჰალ სიტი“ ტრადიციას არ ღალატობენ. გასულ უქმეებამდე, ამ გუნდებს შორის გამართულ ბოლო 6 მატში მოედნიდან 5 ფეხბურთელი იყო გაძევებული. შაბათის მატჩის 72-ე წუთზე, სტუმართა ნახევარმცველმა, ტომ ჰადლსტოუნმა ტრადიცია არ დაარღვია და წითელი ბარათი მიიღო.

გერმანია

მიუნხენის „ბაიერნის“ კარის დარაჯი პეპე რეინა პირველი მეკარე და პირველი ესპანელი ფეხბურთლი გახდა, რომელმაც ევროპის წამყვან 4 ჩემპიონატში ითამაშა. 32 წლის კიპერმა, ოფიციალურ მატჩში, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შემდეგ პირველად ითამაშა. ის მე-9 ფეხბურთლი გახდა, რომელსაც ევროპის 4 საუკეთესო ჩემპიონატში (ესპანეთი, ინგლისი, იტალია, გერმანია) უთამაშია. გარდა ამისა, ის პირველი ესპანელი მეკარეა, რომელმაც ბუნდესლიგაში ითამაშა.

პეპე რეინა ერთი საინტერესო მიღწევის ავტორი გახდა. მან, როგორც ესპანეთის, ასევე ინგლისის, იტალიისა და გერმანიის ჩემპიონატებში გამართულ სადებიუტო მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

„ბაიერნი“, ბუნდესლიგის 25-ე ტურში, „ვერდერს“ ეწვია. გასაკვირი არ ყოფილა, რომ პეპ გვარდიოლას გუნდმა ბრემენელებთან გაილაღა. უკვე 5 მატჩია, მიუნხენელებს „ვერდერის“ კარში მინიმუმ 4 გოლი გააქვთ და ზედიზედ მე-2 სეზონში მოხდა, რომ „ბაიერნმა“ ბრემენელებს, ორივე თამაშში ერთად, მინიმუმ 10 ბურთი გაუტნა.

ერთმატჩიანი ჩავარდნის შემდეგ, მორიგი 3 ქულა აიღო „ვოლფსბურგმა“, რომელმაც „ფრაიბურგი“ 3:0 გაანადგურა. „მგლების“ რიგებში კვლავ ბრწყინავს ბელგიელი შემტევი კევინ დე ბრუინე, რომელმაც აქტივში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში, 23 წლის ფეხბურთლმა აქტიური მონაწილეობა 36 გოლში მიიღო (14 გაიტანა და 22 თანაგუნდელებს გაატანინა), რაც ბუნდესლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგია. დე ბრუინე, მთელი ევროპის მასშტაბით, საუკეთესოა საგოლე გადაცემებში. მან თანაგუნდელებს ბუნდესლიგაში 16-ჯერ, ხოლო მთელს სეზონში 22-ჯერ გაატანინა. არცერთ სხვა ფეხბურთელს ასეთი შედეგი არ აქვს.

ბუნდესლიგის 25-ე ტური იმით იყო გამორჩეული, რომ გუნდების ნახევარმა გოლის გატანა ვერ მოახერხა, რაც მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა.

ესპანეთი

სანამ ესპანური ფეხბურთი „ელ კლასიკოს“ რითმით ცხოვრებას დაიწყებდა, ლა ლიგაში 27-ე ტურის მატჩები გაიმართა. გათამაშების ლიდერი, კატალონიის „ბარსელონა“ ეიბარს ისტორიაში პირველად ეწვია. ლუის ენრიკეს გუნდმა ლიონელ მესის დუბლის წყალობით მოიგო. ამ თამაშის შემდეგ, არგენტინელს ესპანეთის ჩემპიონატში უკვე 275 გოლი დაუგროვდა. ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატის ისტორიით გათვალისწინებით შედგენილ საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მესიმ მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. მან სერია A-ს ისტორიაში საუკეთესო მეგოლეს, სილვიო პიოლას გადააასწრო.

ეიბარში შესრულებული დუბლის შემდეგ, მესის, მიმდინარე სეზონში, 43 გოლი დაუგროვდა, რაც მთელს გასულ სეზონში ნაჩვენებ შედეგზე 2 ბურთით მეტია.

მესიმ მე-2 გოლი თავური დარტყმით გაიტანა. არგენტინელი პრიმერა დივიზიონის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია და მან, ამ ტურნირზე, კუთხურის შემდეგ თავით გატანა პირველად მოახერხა.

„ბარსელონასთან“ მარცხი, „ეიბარისთვის“, ლა ლიგაში, ზედიზედ მე-8 იყო. ასეთივე ცუდი შედეგი აქვს „კორდობასაც“. ლა ლიგის ისტორიაში, თუ გუნდი ერთ სეზონში ზედიზედ 8 თამაშს წააგებდა, ის ქვედა დივიზიონში ყოველთვის ვარდებოდა.

მადრიდის „რეალმა“, ორმატჩიანი შესვენების შემდეგ, მოგების გემო გაიხსენა. „სამეფო კლუბის მოგება გარეთ ბეილის მშრალი სერიის შეწყვეტას დაემთხვა. უელსელ ფეხბურთლს, ბოლო 8 ოფიციალურ მატჩში, არც გოლი ჰქონდა გატანილი და არც შედეგიანი გადაცემა გაკეთებული, რაც მის კარიერაში ყველაზე ცუდი სერია იყო. „ლევანტესთან“ მოგებულ შეხვედრაში (2:0) ბეილმა დუბლი გაიფორმა და მან, გოლების პროდუქტიულობით, რონალდუს გადაუსწრო. პორტუგალიელის მიერ პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში გატანილმა გოლებმა გუნდს 5 ქულა მოუტანა, ხოლო ბეილის 12 გოლის გარეშე „რეალს“ 6 ქულით ნაკლები ექნებოდა.

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, „ატლეტიკომ“, ქულები ზედიზედ მე-3 თამაშში დაკარგა. მადრიდელებმა, ლა ლიგის ბოლო 3 გასვლით თამაშში, გოლი ვერ გაიტანეს, რაც გუნდში დიეგო სიმეონეს მუშაობის დროს პირველად მოხდა. „როხიბლანკოს“ მთავარ მწვრთნელად არგენტინელი სპეციალისტის დანიშნივს შემდეგ ასევე პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, რომ გუნდმა ზედიზედ 3 ფრე ითამაშა. თუ ჩემპიონთა ლიგაზე „ლევერკუზენთან“ გამართულ შეხვედრასაც მივათვლით, „ატლეტიკოს“ გოლი უკვე ოთხ გასვლით შეხვედრაში არ გაუტანია. მადრიდელებს ასეთი ცუდი შედეგი 2005 წლის გაზაფხულის შემდეგ პირველად აქვთ.

„ესპანიოლისა“ და „ატლეტიკოს“ შეხვედრაში გოლი არ გასულა, მაგრამ გულშემატკივრებმა საკმარისზე მეტი წესების დარღვევა იხილეს. ორივე გუნდი ერთად 50-ჯერ დაჯარიმდა, რაც მიმდინარე გათამაშების რეკორდია.

„რაიოს“ 26 წლის თავდამსხმელი ალბერტო ბუენო შედეგიან თამაშს განაგრძობს. „გრანადასთან“ მოგებულ შეხვედრაში (3:1) მან დუბლი გაიფორმა და გუნდის მიერ გატანილი ბოლო 8 გოლიდან 7 სწორედ ამ ფეხბურთელის ანგარიშზეა. „გრანადასთან“ შესრულებული დუბლის შემდეგ, ბუენოს, ლა ლიგაში, 26 გოლი დაუგროვდა და ის ამ ტურნირზე „რაიოს“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

„ალმერიას“ სტადიონზე გამართული თამაშის 22 ფეხბურთელით დასრულება ძალიან გაჭირდა. „ლოს ხუეგოს მედიტერანეოზე“ ჩატარებული ბოლო 4 მატჩიდან მესამეში მოხდა, რომ არბიტრმა მოედნიდან 2 ფეხბურთელი გააძევა.

იტალია

„მილანს“ ანგარიშში დაწინაურების მიუხედავად ქულების დაკარგვა ტრადიციად ექცა. ფილიპო ინძაგის გუნდმა, იმ მატჩებში, რომლებშიც წინ გასვლა მოახერხა, უკვე 21 ქულა დაკარგა. სერია A-ს 27-ე ტურში, „როსონერი“ „ფიორენტინას“ ეწვია. სტუმრები 83-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ გამარჯვება მაინც მასპინძლებს დარჩათ.

ფლორენციაში გამართული შეხვედრა ზედიზედ მე-9 გასვლითი თამაში იყო, რომელიც „მილანმა“ ვერ მოიგო. მილანელებს ასეთი ცუდი შედეგი 2001 წლის შემდეგ პირველად აქვთ.

საქმეები მე-2 მილანურ გუნდსაც ცუდად მისდის. „ინტერმა“, გასავარდნ ზონაში მყოფ „ჩეზენასთან“ გამართულ საშინაო თამაშში ქულები დაკარგა. „ნერაძურიმ“, „სან სიროზე“ გამართულ ზედიზედ მე-2 თამაშის პირველ ტაიმში კარში ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხეს.

„რომამ“ 16-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. რუდი გარსიას გუნდი, რომელსაც სერია A-ს ბოლო 9 თამაშინდან 8 ფრედ ჰქონდა დასრულებული, „სამპდორიასთან“ საკუთარ კედლებში დამარცხდა. ეს ნიშნავს, რომ „რომამ“, „ოლიმპიკოზე“ ზედიზედ 7 თამაშის მოგების შემდეგ, ამავე სტადიონზე ზედიზედ მე-7 მოუგებელი შეხვედრა ჩაატარა.

„რომას“ უფრო და უფრო შორდება პირველ ადგილზე მყოფი „იუვენტუსი“, რომელმაც „პალერმო“ კიდევ ერთხელ დაამარცხა. ტურინელებმა სიცილიელებს ზედიზედ მეექვსედ სძლიეს და გოლი არც ამჯერად გაუშვეს.

საფრანგეთი

საფრანგეთის ლიგა ერთის 29-ე ტურის ცენტრალური მატჩი ლოგიკური სცენარით წარიმართა. „მარსელი“ „ლიონის“ კარში ხშირად ურტყამდა, მაგრამ უშედეგოდ. მარსელო ბიელსას გუნდმა, ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულის დანარჩენ სამ წარმომადგენლებთან მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მატჩებში კარის მიმართულებით 55-ჯერ დაარტყა, მაგრამ ვერცერთხელ გაიტანა.

კვირას გამართული დაპირისპირების შემდეგ, „მარსელს“, „ლიონთან“ ლიგა ერთში გამართულ ბოლო 10 თამაშში, მხოლოდ ერთი მოგება აქვს.

პსჟ-მ გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა. პარიზულ გუნდს, „ბორდოსთან“ გამართული ბოლო 7 დაპირისპირება მოგებული ჰქონდა, მაგრამ დედაქალაქელები, ამჯერად, უქულოდ დარჩნენ.

ლორან ბლანის გუნდმა განსაკუთრებით ცუდად პირველი ტაიმი ჩაატარა. პსჟ-მ, პირველ 45 წუთში, კარის მიმართულებით მხოლოდ ერთხელ დაარტყა. პარიზელებს, ლიგა ერთში, ასეთი ცუდი შედეგი 2010 წლის იანვრის შემდეგ პირველად ჰქონდათ.

მოწინავე სამეულის მიერ ქულების დაკარგვით „მონაკომ“ ისარგებლა, რომელმაც „ბასტია“ გაანადგურა. ლეონარდუ ჟარდიმის გუნდმა კარი მშრალად ზედიზედ მე-7 საშინაო შეხვედრაში შეინახა.

„მონაკომ“, ბოლო დროს, შედეგიანობას უმატა. ჟარდიმის გუნდმა, ლიგა ერთის უკანასკნელ 2 შეხვედრაში, 6 გოლი გაიტანა. მონაკოელებს, წინა 9 მატჩში მეტოქეთა კარი მხოლოდ 5-ჯერ ჰქონდათ აღებული.

„ლანსისა“ და „ტულუზას“ დაპირისპირება პასების სიზუსტის ძალზე ცუდი მაჩვენებლით გამოირჩა. ამ გუნდების მიერ გაკეთებული გადაცემებიდან ადრესატამდე მხოლოდ 59.3%-მა მიაღწია. ლიგა ერთში ასეთი ცუდი შედეგი 2007 წლის აპრილის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.

0.126047