ჩოგბურთი

1:27 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სევილიაში, სოლარინოსა და ანტალიაში...

ქართველი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია ესპანეთის ქალაქ სევილიაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდნენ, თუმცა, ხელი მოეცარათ.

მე-12 ნომრად განთესილმა გორგოძემ კვალიფიკაციის პირველ რაუნდში ბელგიელ ვიკტორია სმირნოვას 6:0, 6:3 სძლია, შემდეგ იტალიელი მარტინა ტრევისანი 6:1, 2:6, 7:5 დაამარცხა, გადამწყვეტ რაუნდში კი მე-4 რეიტინგის მქონე სლოვენიელ ნასტია კოლარს ვერ გაუმკლავდა – 6:2, 1:6, 2:6.

რაც შეეხება ქვაცაბაიას, მან საკვალიფიკაციო ბადის საწყის მატჩში ესპანელ ნადია მეჩალა გორდილოს აჯობა – 6:3, 6:2, თუმცა, მე-3 ნომრად მიჩნეულ ჰოლანდიელ სინდი ბურგერთან წააგო – 3:6, 3:6.

წყვილთა ტურნირში გორგოძემ და რუსმა ვიკტორია კანმა არგენტინელ ბუას და ესპანელ კავალე-რეიმერსს 2:6, 6:0, 10:7 მოუგეს და მეოთხედფინალში გააღწიეს.

პირველი რაუნდი დასძლიეს ქვაცაბაიამ და იტალიელმა კლაუდია ჯიოვინემაც. მათ ესპანელები – გარსია-პერესი და პარეს ასკოიტია დაამარცხეს.

ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა იტალიის ქალაქ სოლარინოში რჩება და 10-ათასიან ტურნირზე ისევ პირველ ნომრად იქნება განთესილი. საწყის რაუნდში სოფო კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ფრანგ კარლა ტოულის გაეჯიბრება. წყვილებში შაფათავა და რუსი ოლგა დოროშინა ასევე პირველ ნომრად არიან მიჩნეულნი და ბრძოლაში მეოთხედფინალიდან ჩაბმებიან.

ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირი იმართება თურქეთის ქალაქ ანტალიაში, რომელშიც ქართველთაგან ალექსანდრე მეტრეველი ჩაებმება. ის პირველ წრეში მე-2 ნომრად განთესილ ესპანელ ხერარდ გრანოლერს-პუიოლს დაუპირისპირდება. წყვილთა შეჯიბრში მეტრეველი და ყირგიზი დანიარ დულდაევი გერმანელ სიებერს და ავსტრიელ ვეისბორნს ეთამაშებიან.

0.114036