ფეხბურთი

12:46 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

პერტიამ ლატვია მარცხით დაიწყო

ლატვიის საფეხბურთო ვირშლიგამ სტარტი აიღო და რიგის “სკონტო”, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის, სტუმრად “ლიეპაიასთან” 2:3 დამარცხდა. რიგელებს უკრაინის მოქალაქე 19 წლის მცველი ლევან მახარაძე შეემატა, რომელიც შარშან უკრაინის პრემიერლიგის კლუბ მარიუპოლის “ილიჩევეცში” ირიცხებოდა. მას ჩემპიონატის პირველ ტურში არ უთამაშია.

მიმდინარე სეზონში ლატვიის ვირშლიგა 8-გუნდიანი იქნება, რადგან 10-დან ორმა კლუბმა სეზონის დაწყებამდე ლიცენზირება ვერ გაიარა.

ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) მეორე ტურში ტალინის “ფლორამ” სტუმრად თანაქალაქელ “ინფონეტს” 2:0 აჯობა. ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. “ფლორაში” მეორე გოლი რუსეთის მოქალაქე ფორვარდმა ირაკლი ლოგუამ გაიტანა. ორი ტურის შემდეგ, “ფლორა” 6 ქულით 10 გუნდში მესამეა.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის პირველ ტურში “ქიზილქუმმა”, სადაც გიორგი კვესიეშვილი გამოდის, სახლში “სოგდიანასთან” 4:1 გაიმარჯვა. ქართველი მარცხენა მცველი თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო.

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის 34-ე ტურში, “ფეირენსემ”, რომლის რიგებში გიორგი მაკარიძე ასპარეზობს, სახლში “ბრაგა II”-ს 3:1 აჯობა. ქართველმა მეკარემ მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეოთხედ ითამაშა. “ფეირენსეს” 53 ქულა აქვს და 24 გუნდში მე-8 პოზიციაზეა.

უნგრეთის პირველი ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-20 ტურში ნირედხაზას “სპარტაკუსი”, სადაც ნახევარმცველი ზურაბ არზიანი და ფორვარდი დავით დარციმელია გამოდიან, სახლში “ფერენცვაროშს” ნულოვან ფრეზე გაეყარა. ქართველ ლეგიონერებს, რომლებიც გუნდს ზამთარში შეემატნენ, არ უთამაშიათ. “სპარტაკუსი” 19 ქულით 16 გუნდში მეთერთმეტეა.

0.112337