ბლოგი

10:41 | 15.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფანატიკოსები

ზლატან იბრაჰიმოვიჩზე შვედები ლამის უკვე პოემებს თხზავენ, თუმცა რაღა ლამის? აგერ, ორი თვის წინ, შვედეთში კლუბიც კი შეიქმნა, სადაც იბრაჰიმოვიჩი ერთგვარი სექტის კულტად იქცა და დიეგო მარადონას მსგავსად, შესაძლებელია სულ მალე ეს ჩვენი ზლატანიც წმინდანად თუ არა, უცდომელად მაინც გამოცხადდეს.

ფანატიზმი ისეთი რამეა, კაცმა არ იცის როდის და სად იჩენს თავს.

განა ფანატიზმი არ არის ის, რომ ბრაზილიაში, ლეგენდარულ “მარაკანაზე” 1950 წლის მუნდიალის წაგების შემდეგ თითქმის 65 წელი გავიდა, მაგრამ ურუგვაისთან მარცხის დღის თარიღზე არენაზე დღემდე დადიან ადგილობრივი შამანები და წყევლა-კრულვას უთვლიან ურუგვაის ნაკრებს და იმ “ბნელ ძალებს”, რომელთაც მაშინ ბრაზილიელთა მარცხი განაპირობეს. ბრაზილიის ეროვნული გუნდის შარშანდელი წაგებაც გახდებოდა შამანთა ინტერესის საგანი და აბა ყოფილა მაშინ გერმანიის ნაკრებისა და სრულიად ბუნდესქვეყნის საქმე...

ფანატიკოსები, რასაკვირველია, არ აკლია არგენტინელ ლეო მესის, რომელიც გადარეულ ქომაგებს თუ ფსევდოქომაგებს ვეღარ იგერიებს და ამიტომ, იძულებულია დაცვის თანხლებით იაროს. ცნობილ ფეხბურთელს გოგონები რომ ქომაგობენ და ეტრფიან, ამაში ალბათ არაფერია გასაკვირი, მაგრამ ლეოს თურმე ერთი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ჯეელიც გადაეკიდა და ისეთ სასიყვარულო წერილებს უგზავნის, გული დაეთუთქება კაცს. თუ ქალს? რა ვიცი, როგორც არის...

კრიშტიანუ რონალდუ ქალებში ლეო მესიზე კიდევ უფრო პოპულარულია, მაგრამ ამ ქალთა შორის არის 70 წელს მიტანებული კლარა სუნსია, რომელიც ლისაბონში ბიბლიოთეკარი გახლავთ და დღემდე გაუთხოვარია. ჰოდა, ეს ქალი იძახის, აქამდე შემონახული ჩემი სისპეტაკე და სინორჩე მხოლოდ კრიშიანუმ უნდა გათელოსო და კარგი ბიჭია, ვინმემ საწინააღმდეგო აზრის თქმა გაუბედოს. აოტავს, ვითარცა მოსისხარს!

ჭეშმარიტად ფანატიკოსი ქომაგები ჰყავს ინგლისურ “მანჩესტერ სიტის”, რომელთა საყვარელმა გუნდმა სულ ცოტა ხნის წინ “გამოიღვიძა” და ევროპის გრანდად იქცა. “სიტის” ქომაგებს თურმე წესად ჰქონიათ, რომ როდესაც მათი საყვარელი კლუბის მატჩი მორჩება, თუკი შეხვედრა მარცხით დასრულდა, ფანები აარჩევენ გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს, რომელმაც ბოლო მატჩში მათი აზრით ყველაზე ცუდად ითამაშა, იკრიბებიან მის სახლთან, აგინებენ, წყევლიან და თუკი ამ უკანასკნელმა გაბედა და სახლიდან ცხვირი გამოყო, არც ქვის სროლას დაიზარებენ. მთელი უცნაურობა ისაა, რომ ეს შიზოფრენიული “ტრადიცია” სულ რაღაც 3-4 წელიწადს ითვლის და უცნაურად დაემთხვა “მანჩესტერ სიტის” ბოლოდროინდელ აღორძინებას.

ფანატიკოსები არც ქართულ ფეხბურთს აკლია. პირველ ყოვლისა, ყველამ საკუთარ გულებში ჩავიხედოთ და განვსაჯოთ, ვართ თუ არა ფანატიკოსები... აბა სხვა რა უნდა გვეწოდოს, როდესაც ჩვენი საფეხბურთო ნაკრები ამდენი წელია ასეთი უბედურია, ასე ერთმანეთზე უარეს შესარჩევ ეტაპებს ატარებს და ჩვენ მაინც ვავსებთ ეროვნული სტადიონის ტრიბუნებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავარი არენა ამ თვის ბოლოს, გერმანიასთან მატჩის დროსაც გაივსება და ძალიანაც მახარებს ეს ამბავი. მაგრამ, თქვენ გგონიათ მხოლოდ იმიტომ გაივსება, რომ გერმანიის ნაკრების ხილვა სურს ქართველობას? რა თქმა უნდა ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ აქ მთავარი მაინც ისაა, რომ სადღაც გულის კუნჭულში მეც და თქვენც გვაქვს ყოვლად გიჟური იმედი, რო იქნებ ჩვენებმა მოახერხონ რამე და იქნებ ჰა?.... იქნებ...

განა ქართული ფანატიზმი არაა ის, რომ დღემდე 1981 წელს და მანამდე მიღწეული გამარჯვებებით ვსაზრდოობთ და ძველ ”დინამოზე” კრიტიკული სიტყვების თქმას არამხოლოდ ძველი თაობის ქომაგები, ახალგაზრდებიც კი არ გაპატიებენ?

განა ფანატიზმი არაა, რომ აგერ 20 წელზე მეტიც გავიდა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიის დაწყებიდან და ამ დროის განმავლობაში მაინც ოპტიმისტებად დავრჩით?!

რაც მართალია, მართალია, ფეხბურთის თამაშში რა გითხრათ და ფანატიზმში მართლაც მსოფლიოს ჩემპიონები ვართ!

0.122215