საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა 13 მარტს “ალკმაარის” წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში (3:1) ლამაზი გოლი გაიტანა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა საჯარიმოში შეინავარდა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
მიმდინარე სეზონში ერედივიზიონში ვაკომ რიგით მეექვსე გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც დაუგროვდა. ეროვნული ნაკრების ახალდანიშნულმა თავკაცმა კახა ცხადაძემ ყაზაიშვილი მომავალ სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა.
შემტევს ნაკრებში დებიუტი 2014 წლის 5 მარტს ლიხტენშტეინთან ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა და მოედანზე 44 წუთი გაატარა. თემურ ქეცბაიამ ვაკო ნაკრებში 4-ჯერ მიიწვია და მხოლოდ ორჯერ მისცა თავის გამოჩენის საშუალება.
ნაკრებში დებიუტის დროს ვაკოს სატრანსფერო ღირებულება 800 000 ევროს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე სეზონში წარმატებული თამაშის ფონზე მისი გადაბირება 1.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძლება.
“ალკმაართან” მატჩის შემდეგ, “მსოფლიო სპორტი” ვაკოს ჰოლანდიაში დაუკავშირდა.
- “ალკმაარის” კარში გოლი ძალიან თავდაჯერებულად გაიტანეთ. როგორ შეაფასებთ განვლილ მატჩს და თქვენ გოლს?
- თავიდან ცოტა გაგვიჭირდა. პირველი 20 წუთი არეულად ვასპარეზობდით, შემდეგ კი თამაში დავალაგეთ. რთული შეხვედრა გამოგვივიდა, რადგან “ალკმაარი” ერედივიზიონში ერთ-ერთი ძლიერი გუნდია, შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ჩემი გოლით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ და რაც მთავარია 3 ქულა ავიღეთ.
- “ვიტესში” მიმდინარე სეზონში პროდუქტიულად ასპარეზობთ. გასულ წლებში ძირითადად დუბლებში თამაშობდით. გიფასდება თუ არა შრომა და მოთმენის უნარი?
- რა თქმა უნდა. თავიდან, როდესაც აქ მოვედი, 18 კაცშიც ვერ ვხვდებოდი, ახლა უმეტესად ძირითად შემადგენლობაში ვარ, მიფასდება შრომა, თუმცა ყველაფერი წინ მაქვს.
- საქართველოს ნაკრების ახალმა თავკაცმა კახა ცხადაძემ პირველი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა და სიაში თქვენც მოხვდით. იცნობთ თუ არა ცხადაძის სამწვრთნელო სტილს და თუ გისაუბრიათ მასთან?
- რა თქმა უნდა, გამოძახებით ძალიან გახარებული ვარ. ნაკრების შესახებ ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან მხოლოდ ოთხჯერ ვიყავი მიწვეული. “ტვენტესთან” მატჩის დროს (ენსხედელთა კარში ვაკომ 1 გოლი გაიტანა) ცხადაძე აქ იყო ჩამოსული და ჩემ მიმართ დადებითად არის განწყობილი. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეროვნულ გუნდს გამოვადგე. რაც მთავარია მწვრთნელის მითითებები ზუსტად უნდა შევასრულოთ.
- საქართველო მალტას ამხანაგურად, ხოლო გერმანის ევროშესარჩევის შეხვედრაში დაუპირისპირდება, როგორი შანსები გვაქვს მომავალ თამაშებში?
- ჩემი აზრით, თამაში ყველასთან შეიძლება. მთავარია ვიშრომოთ, სწორად მოვემზადოთ და შედეგიც გვექნება.
- საქართველო მსოფლიო ჩემპიონს დაუპირისპირდება. რომელ ფეხბურთელთან მოისურვებდი მაისურის გაცვლას?
- იოზილს გავუცვლიდი მაისურს დიდი სიამოვნებით. “არსენალის” ფეხბურთელის სათამაშო სტილი მომწონს.