ქობულეთში გამართულ მე-19 ტურის შეხვედრას გარკვეული ინტრიგა ჰქონდა. ,,შუქურა” ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში პირველად მასპინძლობდა ქართული ფეხბურთის ფლაგმანს, თანაც პირველ წრეში სტუმრად 6:0 ჰქონდა წაგებული.
ეს გუნდები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ დავით ყიფიანის სახელობის თასის მიმდინარე გათამაშების 1/8 ფინალში, სადაც ,,დინამომ” ორმატჩიან დუელში გაჭირვებით შეძლო მეტოქის გზიდან ჩამოცილება.
შეხვედრა საკმაოდ დუნედ დაიწყო. ორივე გუნდი მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა. თამაში ნელ ტემპში მიმდინარეობდა და ტაიმის მესამედი ისე მიილია არც ერთ კართან სახიფათო მომენტი არ შექმნილა.
მყუდროება პირველად სტუმრებმა დაარღვიეს. მე-16 წუთზე მათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცათ. კიტეიშვილი მოედნის ცენტრიდან წინ გადაადგილდა და საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად გაისროლა. ბურთი ცოტათი ასცდა კარის ძელს.
დედაქალაქელებს გააქტიურება 2 წუთში დაუფასდათ. ლობჟანიძის გადაცემის შემდეგ კიტეიშვილი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა მახვილი კუთხიდან მისი დარტყმული ჯიოევმა მოიგერია. იქვე ბურთს ჯანელიძე დაეუფლა და ერთი შეხებით პარუნაშვილს დაუგორა, რომელმაც თანაგუნდელების დაწყებული საქმე დიდებულად დაასრულა და ძლიერი დარტყმით მასპინძელთა კარის ბადე შეარხია - 0:1.
ამის შემდეგ უპირატესობას აჭარლები დაეუფლნენ, მაგრამ ისინი საკმაოდ ერთფეროვნად უტევდნენ და სახიფათო მომენტებამდე საქმე ვერ მიჰყავდათ. თბილისელები თავს კარგად იცავდნენ და მეტოქის იერიშებს იოლად უმკლავდებოდნენ.
მონოტონური თამაში თითქმის ტაიმის ბოლომდე გაგრძელდა. პირველი ნახევრის უკანასკნელ წუთზე კი თავის გამოჩენის შესაძლებლობა ორივე გუნდს მიეცა. ჯერ თოთაძემ გაილაღა მარცხენა ფრთაზე და საჯარიმოში მყოფ მანუელისკენ გამჭოლი გადაცემა გააკეთა. ჯიოევმა იყოჩაღა და დინამოელთა ესპანელ თავდამსხმელს ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა მოუსპო.
აჭარელთა საპასუხო შეტევაში ასევე ლეგიონერები მონაწილეობდნენ. როდრიგესის ჩაწოდებულს პაულო ვიქტორი თავით გზავნიდა მეტოქის კარისკენ, თუმცა ბურთი სამიზნეს ოდნავ გადააცილა.
შეხვედრის მეორე ნახევარში აჭარელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ზღვისპირელები სახიფათო მომენტებს ძირითადად სტანდარტული მდგომარეობიდან ქმნიდნენ. მატჩის განახლებისთანავე ჩელებაძის მოწოდებულ კუთხურს მიმართულება პუკანიჩმა შეუცვალა. მეკარეს პოზიცია დაკარგული ჰქონდა, მაგრამ გველესიანმა თავით ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. მომდევნო ხიფათი ისევ კუთხურს მოჰყვა. ჩელებაძის მოწოდებულს ამჯერად პაულო ვიქტორი ურტყამდა თავით, თუმცა ბურთი კარის ბადეს ზევიდან დაეცა.
50-ე წუთზე თბილისელებს ანგარიშის გაზრდის დიდებული შესაძლებლობა ჰქონდათ. მანუელმა აჭარელთა მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლა, ბურთს დაეუფლა და მეკარესთან პირისპირ გავიდა. ჯიოევმა კარი დროულად დატოვა, მომხვდურს ფეხებში ჩაუვარდა და თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა.
53-ე წუთზე ასევე კარგად გაისარჯა ჰრდლიჩკაც, რომელიც ჩელებაძის სწრაფად შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ბურთს ნახტომში მისწვდა და კუთხურზე მოიგერია. 5 წუთში მასპინძლებს გათანაბრება შეეძლოთ. პუკანიჩის კარგი გადაცემის შემდეგ პაულო ვიქტორი საჯარიმოში შეიჭრა და მარცხენა ფეხით ძლიერი დარტყმა განახორციელა. ბურთი კარის ძელმა აისხლიტა. დამატებაზე აჭარლებმა ვეღარ ივარგეს.
69-ე წუთზე მოედანზე ცოტა საჩოთირო სიტუაცია შეიქმნა. ჩელებაძე ბურთიანად საჯარიმოში შევიდა და მეტოქის მცველთან ჭიდილში გაზონზე გართხმული აღმოჩნდა. აჭარლები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა. ყრუაშვილმა თამაში გააჩერა და ჩელებაძე სიმულაციისთვის გააფრთხილა, რითაც მატჩზე დამსწრე მრავალრიცხოვან ქომაგთა გულისწყრომა გამოიწვია.
მომდევნო სახიფათო მომენტი მასპინძლებმა მე-80 წუთზე შექმნეს. ჩელებაძის ფლანგურ გარღვევას საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა მოჰყვა, თუმცა ბურთთან შეხება ვერც პაულო ვიქტორმა და ვერც შეცვლაზე შესულმა თუხარელმა მოახერხეს.
შეხვედრა ამის შემდეგაც ქობულეთელთა კარნახით გაგრძელდა. ისინი დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და დროის უმეტეს ნაწილს შეტევაში ატარებდნენ, მაგრამ დედაქალაქელები თავს ტაქტიკურად სწორად იცავდნენ და მატჩიც გამარჯვებამდე მიიყვანეს.
არბიტრის საფინალო სასტვენის შემდეგ აჭარელმა ფეხბურთელებმა თბილისლებს გამარჯვება მიულოცეს და ერთმანეთს მშვიდობიანად დასცილდნენ, რასაც ვერ ვიტყვით მეტოქე გუნდების ფან კლუბის წევრებზე. ისინი ერთმანეთს დაერივნენ და მათი გაშველება მხოლოდ პოლიციის ჩარევის შემდეგ მოხერხდა. ცოტა ხნის შემდეგ ჩხუბი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზეც გაგრძელდა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:
გელა სანაია (,,შუქურა”): ,,უკანასკნელ წუთებამდე დაძაბული თამაში იყო. ბოლოს დიდი უპირატესობა გვქონდა. ვფიქრობ ერთ ქულას მაინც ვიმსახურებდით. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას.”
კახა გოგიჩაიშვილი (,,დინამო”): ,,ქობულეთში თამაში ყოველთვის ძნელია, თანაც ხელოვნურსაფარიან მოედანზე. ჩემმა ბიჭებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღეს. დიდი მადლობა მათ ამისთვის.”
,,შუქურა” (ქობულეთი) - ,,დინამო” (თბილისი) 0:1 (0:1)
14 მარტი. 15.00. ქობულეთი. ,,ჩელე არენა”. 3000 მაყურებელი.
,,შუქურა”: ჯიოევი, ჩალაძე, გ. გურული, მჟავანაძე (მეტრეველი 85), ტვილდიანი, პუკანიჩი, კუხიანიძე, დორნელესი (ზ. ტუღუში 65), როდრიგესი (თუხარელი 52), ჩელებაძე (კ), პაულო ვიქტორ ნუნიესი;
მთ. მწვრთნელი: გელა სანაია
,,დინამო”: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, გველესიანი, რენე ფერეირა, თოთაძე (კ), ჯანელიძე, ცინცაძე, კიტეიშვილი (ჯიღაური 67), მანუელი (ჩირგაძე 62), პარუნაშვილი, ლობჟანიძე (შერგელაშვილი 83);
მთ. მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
გოლი: 0:1 პარუნაშვილი (18);
გაფრთხილება: თოთაძე (34), ჩელებაძე (69), ჩირგაძე (85);
არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი