საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მარტის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა მიმდინარე კვირის დასაწყისში დაასახელა. “ჯვაროსნების” ახალმა თავკაცმა გუნდის რიგებში ლევან ყენია დააბრუნა. ქართველი შემტევი ტრავმებით გამოწვეული რთული პერიოდის შემდეგ პრაღის “სლავიაში” ჩაირიცხა, ფორმას იბრუნებს და 13 მარტს ჩეხეთის ჩემპიონატში “ბოლესლავის” კარში საჯარიმო დარტყმით ლამაზი გოლიც გაიტანა. ამ მატჩის შემდეგ “მსოფლიო სპორტი” ლევანს ჩეხეთში დაუკავშირდა.
- რა გრძნობა დაგეუფლათ როდესაც კახა ცხადაძისგან ეროვნულ ნაკრებში მიწვევა მიიღეთ?
- რა თქმა უნდა ძალიან გახარებული ვარ, რადგან კვლავ მომეცემა შანსი საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ვიასპარეზო. ვეცდები გულშემატკივრების იმედები გავამართლო.
- რა უნდა შეიცვალოს საქართველოს ნაკრებში, რათა გუნდმა დადებითი შედეგი აჩვენოს?
- პირველ ყოვლისა, ურთიერთობა მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის. მოთამაშეები უნდა ენდობოდნენ გუნდის თავკაცს ბოლომდე და პირიქით მწვრთნელი – ფეხბურთელებს. ამ ყველაფრის შემდეგ გუნდი შეიკვრება და ამის ხარჯზე შეგვიძლია წარმატების მიღწევა. ჩემი აზრით, ერთი ან ორი ფეხბურთელი მარტო ვერაფერს გახდება.
- იცნობთ თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალ მწვრთნელის მუშაობის სტილს და თუ ისაუბრეთ მასთან?
- კახა ცხადაძეს ვიცნობ, მაგრამ მასთან არ მიმუშავია. კი მქონდა საუბარი მასთან.
- ტრავმით გამოწვეული რთული პერიოდის შემდეგ “ბოლესლავის” კარში გატანილი გოლი რამდენად დადებითად იმოქმედებს თქვენს თამაშზე?
- სამწუხაროდ კონკურენტთან მატჩი წავაგეთ. გოლი კარგი გამომივიდა და რა თქმა უნდა, თავდაჯერებას აუცილებლად შემმატებს.
- საინტერესოა თქვენი აზრი მომავალი სანაკრებო თამაშების შესახებ, რას უნდა ელოდოს ქართველი გულშემატკივარი მალტასთან და გერმანიასთან დაპირისპირებებში?
- მალტასთან აგრესიული და ენერგიული თამაშით თავდაჯერება უნდა მოვიპოვოთ, რათა გერმანიასთან ასევე თავდაჯერებულად ვიასპარეზოთ. თუ თვითრწმენა არ გვექნება ნებისმიერ მეტოქესთან ასპარეზობა გაგვიჭირდება.
- პრაღის “სლავიას” შესახებ რას იტყვით?
- ძალიან კარგი ტრადიციული გუნდია, ლამაზი ქალაქით, მიზანი კი ევროსაგზურია, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, გუშინ უშუალო კონკურენტთან დავმარცხდით, რაც სამწუხაროა. კლუბში თავს კარგად ვგრძნობ.
- “ბოლესლავთან” 77 წუთი ითამაშეთ, როგორია თქვენი ამჟამინდელი ფიზიკური კონდიცია და შეგიძლიათ თუ არა 90 წუთი დაიხარჯოთ?
- ფიზიკურად მოსამატებელი მაქვს, გამძლეობის მხრივ, ამისთვის საჭიროა ყველა მატჩი ვითამაშო, სხვა მხრივ თავს კარგად ვგრძნობ.