ფეხბურთი

2:58 | 14.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე "ქასიმფაშადან" წავიდა

შოთა არველაძემ თურქული "ქასიმფაშას" მწვრთნელის პოსტი დატოვა. თურქული საიტების ცნობით, მან დღევანდელი მატჩის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა: "მივდივარ ნაჩვენები შედეგების გამო".
არველაძის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს მორიგი მატჩი წააგო, კერძოდ, გასვლაზე "ქონიასფორთან" 1:2. "ქასიმფაშა" რაიან დონკის გოლით იგებდა, მაგრამ ორი გოლი გაუშვა.

საინტერესოა, რომ დონკმა მაშინ შეაგდო, როდესაც მეტოქე ფეხბურთელი დაშავებული იყო და ყველანი მატჩის შეჩერებას ელოდნენ, ქონიელთა მეკარეს კი რეაქციაც არ მოუხდენია. შედეგად, ქასიმფაშელებმაც დიდსულოვნება გამოიჩინეს და მასპინძლებს წონასწორობის აღდგენის საშუალება მაშინვე მისცეს - კარამდე ისე მიუშვეს, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა ქართველმა მცველმა ლაშა დვალმა.

"ქასიმფაშა" წლეულს ძალიან სუსტად გამოიყურება, ბოლო 9 მატჩიდან გუნდმა მხოლოდ ერთხელ მოიგო. ახლა მეცხრე ადგილზე არიან, თუმცა ჯერ თითქმის მთელი ტური წინაა და ალბათ, გადაუსწრებენ.

"მინდა, კლუბში ყველას მადლობა გადავუხადო. ბოლო სამი წლის განმავლობაში დი დახმარებას მიწევდნენ. ბედნიერი ვიყავი აქ მუშაობით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. "ქასიმფაშას" წარმატებებს ვუსურვებ".

კითხვაზე, სად აპირებს მწვრთნელობის გაგრძელებას, შოთამ უპასუხა: "ჯერ ღამე კარგად დავიძინებ. დავისვენებ, მერე კი ვნახოთ". არველაძე 2010 წლიდან შეუდგა თურქეთში მწვრთნელობას. ორი წელი "ქაისერისფორს" თავკაცობდა, მომდევნო სამი წელი კი - 'ქასიმფაშას".

0.117401