ჰარუ ბაშოზე მოასპარეზე ქართველ სუმოისტებს – ტოჩინოშინსა და გაგამარუს 6 დღის თავზე ერთნაირი მონაგარი – 4 მოგება და 2 მარცხი გააჩნიათ.
შეგახსენებთ, რომ გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა ოსაკაში მიმდინარე მარტის სუპერტურნირი 2 მარცხით გახსნა, შემდეგ კი მიჯრით 4 გამარჯვება იზეიმა.
ქართველი გოლიათის მორიგი მსხვერპლი დასავლეთის მე-12 მაეგაშირა კოტოიუკი გახდა. გაგამარუმ, რომელიც დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ირჯება, ოშიდაშით მოიგო, შემდეგი ორთაბრძოლა კი დასავლეთის მე-10 მაეგაშირა კიტატაიკისთან ელის.
ჰარუ ბაშოზე მე-2 მარცხი აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა ტოიონოშიმასთან განიცადა ტოჩინოშინმა იგივე ლევან გორგაძემ. დასავლეთის მე-4 მაეგაშირას ტიტულის მქონე ქართველმა სეკიტორი ოკურიდაშით წააგო. ტოჩინოშინის მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის სეკივაკე ტერუნოფუჯი იქნება, რომელსაც 6-ვე გასული შეხვედრა მოგებული აქვს.
მის გარდა, შეჯიბრის სათავეში იოკოძუნა ჰაკუჰო და რიგითი მაეგაშირა ამინიშიკი იმყოფებიან, ოძეკებს კი საქმე არცთუ კარგად მისდის: გოეიდოს და კოტოშოგიკუს უკვე ორ-ორი მარცხი აქვთ, კისენოსატოს კი – 3 წაგება მოუგროვდა.