ფეხბურთი

12:51 | 13.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ვაჩიბერაძე – დონეცკის “შახტარის” ქუთაისელი ტალანტი

პოპულარულმა უკრაინულმა ინტერნეტპორტალმა football.ua-მ დონეცკის “შახტარის” 19-წლამდე გუნდისა და უკრაინის ამავე ასაკობრივის ნაკრების ნახევარმცველ ბექა ვაჩიბერაძეს სტატია მიუძღვნა.

ვაჩიბერაძე საქართველოშია დაბადებული და უკვე არაერთი წელიწადია კარიერას უკრაინულ ფეხბურთში აწყობს. ის 2007 წლიდან ოდესის “ჩერნომორეცის” აკადემიაში იყო და 16 წლის ასაკში, როდესაც “შახტარის” სკაუტებმა შეამჩნიეს, დონეცკში გადავიდა. უკრაინის ასაკობრივ ნაკრებში თამაშობს. მისი მენეჯერი უკრაინაში ცნობილი ანდრეი გოლოვაშია.

“შახტარის” შემადგენლობაში უეფას ჭაბუკთა ჩემპიონთა ლიგაში 6-ნომრიანი მაისურით საყრდენ ნახევარმცველად თამაშობს. ის ტიპური ჩამშლელი არაა, არამედ ახალი თაობის საყრდენია, რომელსაც “დისპეტჩერის” საუცხოო თვისებები აქვს.

ბექა ტექნიკურად საუცხოოდაა აღჭურვილი. ბურთის ფლობისას თავის გუნდში პრაქტიკულად ცენტრალური ფიგურაა. პარტნიორები ბურთს როდესაც აწვდიან, დარწმუნებული არიან, რომ საუკეთესო გაგრძელებას მოძებნის.

ბექა უპირატესობას მოკლე პასებით თამაშს ანიჭებს და განაპირა მცველებს შეტევაში რთავს. სიტუაციას საკმაოდ სწრაფად აფასებს და შეუძლია როგორც მწვავე პასის გაკეთება, ასევე მეტოქის პრესინგის შემთხვევაში ბურთის უკანა ხაზში გათამაშება.

მოედანზე ვაჩიბერიძის მთავარი ამოცანა დაცვიდან ბურთის შეტევაში ამოტანაა, რასაც თავს ძალიან კარგად ართმევს. ცხადია, ამისთვის არაერთ კილომეტრს დარბის, მაგრამ ფიზიკურად ცუდად განვითარებული არაა.

მცირე მინუსიც აქვს. არცთუ მაღალია და ამის გამო, დიდი გაბარიტის მქონე მეტოქეებთან პაექრობა ზოგჯერ უჭირს. ამ შემთხვევაში საუბარი საჰაერო ორთაბრძოლებზეა, თორემ სიმძიმის დაბალი ცენტრისა და აღნაგობის გამო, კორპუსით ბრძოლას იშვიათად აგებს. აღნაგობითა და ბურთით მუშაობის მანერით რაღაცით ესპანელ სანტი კასორლას ჰგავს.

ამპლუიდან გამომდინარე, მოედანზე ბევრ შავ სამუშაოს ასრულებს. მეტოქისთვის ბურთის ართმევისას თავს არ ზოგავს, მაგრამ პოზიციურ თამაშის დასახვეწად გულმოდგინედ უნდა იმუშაოს. ეს არა მხოლოდ დაცვასა და ნახევარდაცვას შორის პოტენციურად საშიში ზონების გადაკეტვას, არამედ, ფლანგების დაზღვევასაც გულისხმობს, სადაც პარტნიორის მოწინააღმდეგესთან პირისპირ დატოვება არასასურველია.

აღსანიშნავია, რომ ბექა სტანდარტულ მდგომარეობებს კარგად ასრულებს, რაც მისი ტექნიკური აღჭურვილობიდან გამომდინარე გასაკვირი არაა. ეს მათ შორის თერთმეტემტრიანების შესრულებასაც ეხება, რაც მის თავდაჭერილობას და ცივსისხლიანობას სრულად შეესაბამება.

ვაჩიბერაძე როგორც “შახტარის” ასაკობრივი გუნდის, ასევე უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. მისი პარტნიორების ინტერვიუებიდან ჩანს თუ როგორი ავტორიტეტით სარგებლობს გუნდში. მართალია, ჭაბუკთა დონეზე ლიდერები დიდ ფეხბურთში გზას ყოველთვის ვერ იკაფავენ, მაგრამ ვაჩიბერაძის შემთხვევაში ჩანს ყველაფერი კარგად წარიმართება.

კოვალენკოსგან განსხვავებით, რომელთან ერთად უეფას ჭაბუკთა ლიგაში და უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობს, ბექას ჯერ დონეცკელთა პირველ გუნდში არ უთამაშია. თუმცა, სავარაუდოდ, “შახტარის” მთავარ მწვრთნელს მირჩა ლუჩესკუს საკლუბო აკადემიის ასეთი ნიჭიერი ნახევარმცველი “მონიშნული” ჰყავს. მითუმეტეს, რომ რუმინელმა სპეციალისტმა მოედნის ცენტრში უკრაინელ მოთამაშეებს – სტეპანენკოს, ვიცენევს, გრეჩიშკინსა და ზემოთ ნახსენებ კოვალენკოს შანსი არაერთხელ მისცა. ასე რომ, რაღაც ეტაპზე პირველ გუნდში მოხვედრის შანსი მასაც აქვს.

თუ “შახტარში” გადაწყვეტენ, რომ მან უფრო მოკრძალებულ კლუბში გამოცდილება უნდა მიიღოს, ამ შემთხვევაში ბევრი ვარიანტი იქნება, რადგან დონეცკელი ახალგაზრდებით უკრაინის პრემიერლიგის ბევრი კლუბია დაინტერესებული. თუ ვაჩიბერაძე ტრავმებს აიცილებს, სავარაუდოდ პრემიერლიგაში დებიუტი უახლოეს წელიწად ან წელიწადნახევარში ექნება. 19-წლამდელების დონეზე ის უკვე გამოირჩევა.

ვაჩიბერაძის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 500000 ევროა.

12-ბალიანი სისტემით ვაჩიბერაძე ასე შეაფასეს:

თამაშის აღქმა – 9.

სისწრაფე – 8.

ძალა/გამძლეობა – 8.

დრიბლინგი – 9.

გადაცემები (გრძელი) – 9.

გადაცემები (მოკლე, საშუალო) – 9.

თავდადება – 9.

თავით თამაში – 8.

გამბედაობა – 10.

დარტყმა – 9.

პოტენციალი – 9.

ვაჩიბერაძე ქუთაისში 1996 წლის 5 მარტს დაიბადა. მისი სიმაღლე 168 სანტიმეტრია, ხოლო წონა – 65 კილოგრამი. ამჟამად, უკრაინის მოქალაქეა.

0.133653