“სუონსის” ფეხბურთელმა ხორდი ამატიმ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. მიმდინარე კვირაში ამგვარი გადაწყვეტილება “სუონსის” კიდევ ერთმა ესპანელმა მოთამაშემ, ანხელ რანხელმაც მიიღო. ამატი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა.
“ბედნიერი ვარ. მნიშვნელოვანია, როცა კლუბისთვის სასარგებლო ფეხბურთელად ითვლები. რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, რადგან აქ გადმოვედი ოჯახთან ერთად. გარემოსთან ადაპტაცია არ იყო ადვილი, თუმცა კონტრაქტის გაფორმებას ამგვარ გარემოში დარჩენის სურვილმა შეუწყო ხელი.
“სუონსიში” დიდი გამოცდილება მივიღე. ვითამაშე ინგლისის პრემიერლიგის, ინგლისის თასებისა და ევროპა ლიგის მატჩებში, რამაც ჩემს განვითარებას ხელი შეუწყო.
თანამედროვე ფეხბურთში პროცესები სწრაფად ვითარდება. მჭირდება მზადყოფნა ყოველ მატჩში მივიღო მონაწილეობა”, - განაცხადა ესპანელმა.
“სუონსიმ” 2013 წელს ამატი 2,5 მილიონ გირვანქად “ესპანიოლიდან” შეიძინა. ამ დროს გუნდის მთავარი მწვრთნელი დანიელი მიქაელ ლაუდრუპი იყო.