ფეხბურთი

16:00 | 12.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

აუდიტის სამსახურმა 8 სტადიონის რეაბილიტაციის პროცესში დარღვევები გამოავლინა

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აუდიტის დასკვნას გამოეხმაურა, რომლის თანახმად თავის დროზე 8 სტადიონის მოწყობისთვის გამოყოფილი 623700 ლარი არასწორად დაიხარჯა და უშუალოდ სამინისტროს თანამშრომლების მიერ ქვეყნის გარეთ მივლინების დროს კავშირგაბმულობის ხარჯი “გაბერილია”.

“ბოლო დროს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2013 წლის ფინანსური შესაბამისობისა და 2011-2012 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშებთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, სამინისტროს თანამშრომლების მიერ ქვეყნის გარეთ მივლინების პერიოდში გაწეული კავშირგაბმულობის ხარჯი 2013 წელს შეადგენს 6,390.00 (ექვსი ათას სამას ოთხმოცდაათი ) ლარს და არა მედიასაშუალებებით გაჟღერებულ 6 390 000 (ექვსი მილიონ სამას ოთხმოცდაათი ათასი ) ლარს, რამაც შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ აუდიტის დასკვნაში მოყვანილი ფინანსური შეუსაბამობის უდიდესი ნაწილი 2011-2012 წლებს ეხება. აღნიშნული დარღვევების გამოვლენა მოხდა 2014 წლის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, რის შემდეგაც აღნიშნული დასკვნა, მინისტრის ბრძანებით გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რადგან გამოვლენილი რიგი დარღვევების შესწავლა სცილდება შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის კომპეტენციას.

რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2012 წლის ოქტომბრის შემდგომი საქმიანობის შეფასებას, იგი აკმაყოფილებს აღქმადობის, შესადარისობის კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს აუდიტის ანგარიშის დასკვნითი ნაწილი (პირობითი აუდიტორული მოსაზრება ფინანსური ანგარიშგებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ), ვციტირებთ: „სამინისტროს ფინანსური ანგარიშგება და ფინანსური საქმიანობა ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით გარდა, პირობითი აუდიტორული მოსაზრების საფუძველებში აღწერილი საკითხებისა, რეალურად არის წარმოდგენილი და შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და სხვა მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნებს".

2011-2012 წლებში 623700 ლარი სამინისტრომ სტადიონების მოწყობისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადასცა.

აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ფოთის, ქობულეთის, ლანჩხუთის, სამტრედისს, დუშეთისა და გორის 2 სტადიონის რეაბილიტაციისთვის, ზედმეტი თანხებია დახარჯული.

კერძოდ, სპორტის სამინისტროს ბალანსზე და ბუღალტრულ აღრიცხვაზე უნდა ერიცხებოდეს დებიტორული დავალიანება ფეხბურთის ფედერაციის მიმართ ქალაქ ფოთში სტადიონის მოედნის მოწყობისთვის 2715575 ლარი და 1286825 ლარი ქალაქ გორში ცენტრალურ სტადიონზე მოედნის მოსაწყობად. თუმცა, ეს თანხები დარიცხული არაა და შესაბამისად დებიტორული დავალიანება ხელოვნურადაა შემცირებული. ამასთანავე, გაირკვა, რომ სამინისტროს ბალანსზე აღრიცხული განმუხურის პატრიოტული ბანაკის ქონება რეალურად არ არსებობს. სამინისტროს მიერ საქართველოს გარეთ მივლინების ხარჯმა 2013 წელს 6 390 ათასი ლარი შეადგინა. მინისტრის ბრძანების საფუძველზე, მინისტრის გარდა სამინისტროს თანამშრომელთა კავშირგაბმულობის ხარჯი 4 653 ათასი ლარი აღმოჩნდა.

არადა, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, სამსახურეობრივი მივლინების ხარჯები მხოლოდ მინისტრს უნდა აუნაზღაურდეს და სხვა თანამშრომლებისთვის ხარჯების ანაზღაურებას არ ითვალისწინებს.

აუდიტის სამსახურმა მასალები გამოსაზიებლად მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა.

0.133097