ფეხბურთი

15:32 | 12.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ფეიქრიშვილი: “უგუნდოდ ყოფნას პირველ ლიგაში თამაში სჯობს”

გიორგი ფეიქრიშვილი, რომელიც რამდენიმე წელი ყაზახეთის პრემიერლიგის “ატირაუში” გამოდიოდა, კარიერას ამავე ქვეყნის პირველ ლიგაში მოასპარეზე აქტაუს “კასპიაში” გააგრძელებს. 32 წლის ნახევარმცველმა, რომელსაც საქართველოში თბილისის “დინამოში”, “ვიტ ჯორჯიაში”, ბოლნისის “სიონში”, ქუთაისის “ტორპედოში” და რუსთავის “ოლიმპში” უთამაშია, ინტერვიუ ინტერნეტპორტალ sports.kz-ს მისცა.

- “კასპიასთან” კონტრაქტი უკვე გააფორმე?

- დიახ, სეზონის ბოლომდე.

- ეს გუნდი რატომ აირჩიე? სხვა ვარიანტები გქონდა?

- სიმართლე გითხრათ, სხვა ვარიანტები არც მიძებნია. ამ კლუბიდან იანვრის ბოლოს დამირეკეს და უკვე თებერვლის დასაწყისში შეკრებაზე შეუერთდი.

- “ატირაუს” როგორ დაშორდი? ყოფილ კლუბზე ნაწყენი ხომ არ ხარ?

- ნაწყენი არ ვარ. ყველაფერი ხდება. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელიც “ატირაუში” მხარს მიჭერდა, მეხმარებოდა და ჩემს სიხარულს იზიარებდა. ამ გუნდთან ერთად ბევრი კარგი თამაში ჩავატარე. სასიხარულო მომენტებიც მქონდა და იმედგაცრუებაც. ჩემს ყოფილ გუნდს იღბალს და წარმატებას ვუსურვებ.

- “კასპიაში” ვინმეს იცნობდი – მწვრთნელებს, ფეხბურთელებს?

- მთავარ მწვრთნელს ვიცნობდი. ასევე, ზოგიერთ ფეხბურთელს, რომლებთან ერთად ჯერ კიდევ “ატირაუში” მითამაშია.

- პირველ ლიგაში თამაში რამდენად მისაღებია?

- სახლში ჯდომას და პრემიერლიგიდან მიწვევის ცდას, პირველ ლიგაში თამაში და ტონუსში ყოფნა სჯობს. რაც მეტი დრო გიცდება, ოპტიმალური სათამაშო ფორმის დაბრუნება უფრო ძნელია. ასე ვფიქრობ. რა თქმა უნდა, პრემიერლიგიდან პირველ ლიგაზე გადართვა რთულია, მაგრამ უგუნდოდ ყოფნას, უვარჯიშებლობასა და სათამაშო პრაქტიკის არქონა გაცილებით ძნელია.

- “კასპიას” ფეხბურთელებმა პრემიერლიგიდან მოსულ კაცად აღგიქვეს? გუნდში როგორ მიგიღეს?

- აქ ძალიან კარგი ბიჭები და კვალიფიციური ფეხბურთელები არიან. კარგად მიმიღეს. ზოგიერთ მოთამაშეს ვიცნობდი. ვგრძნობ, რომ პატივს მცემენ და მეც იგივეთი ვპასუხობ. მეგობრული კოლექტივია. ცხადია, ის ფაქტი, რომ ოთხი სეზონი პრემიერლიგაში გამოვდიოდი, თავის როლს თამაშობს.

- გრძნობ, რომ ძლიერი გუნდი შეიკრიბა? რომელი ადგილისთვის იბრძოლებთ?

- ვფიქრობ, ხელმძღვანელობა მიზანს მესამე შეკრებაზე დაგვისახავს, რომელიც ჩემპიონატის დაწყებამდე გვექნება. რამდენად ძლიერი გუნდი გვყავს სეზონი გვაჩვენებს. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ არცთუ ცუდი ფეხბურთელები შეიკრიბნენ. მომავალს დრო გვაჩვენებს.

- აქტაუელ გულშემატკივრებს მოედანზე ჯერ არ უნახიხართ. მათ რას ეტყოდი?

- გულშემატკივრებს ვეტყვი, მხარი რაც შეიძლება კარგად დაგვიჭირონ, რადგან ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია. შევეცდებით მათთან ერთად წარმატებას ხშირად მივაღწიოთ.

0.543239