ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაშის უფლება პსჟ-მ მოიპოვა. პარიზელებმა ჟოზე მოურინიოს ლონდონის “ჩელსი” დაამარცხეს. ლორან ბლანმა საპასუხო მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერნციაზე თავისი გუნდის თამაში დადებითად შეაფასა.
“ჩვენ ვითამაშეთ უკეთესი ფეხბურთი და შევქმენით უფრო მეტი მომენტი. ზლატანის დაკარგვის მიუხედავად, ფეხბურთელები ბოლომდე ამბიციურები დარჩნენ. ჩვენი გუნდის დაცვა და მთლიანად მთელი შემადგენლობა ბრწყინვალედ თამაშობდა.
“ზლატანის გაძევებასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანას ვაპირებთ. იმედი გვაქვს, უეფაში არსებული კომიტეტი ამ ფაქტს სამართლიანად გამოიძიებს”, - აღნიშნა ბლანმა.
“ვფიქრობ დღევანდელი მატჩი პსჟ-ს ისტორიაში გარდამტეხია. ჩვენ გვსურს გავხდეთ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი და ამ მიზნის მისაღწევად ეს ღამე განსაკუთრებული იყო.
მატჩის შემდეგ ჩემთან მოვიდა მოურინიო და გამარჯვება მომილოცა, მან გულწრფელად გამოხატა პატივისცემა ჩვენი გუნდისადმი”, - დაასრულა ფრანგმა.
პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. საფრანგეთის ჩემპიონატში პსჟ ერთი ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერ “ლიონს”.