„პარი სენ ჟერმენმა“, ლონდონის „ჩელსიზე“, ერთი წლის წინანდელი მარცხის გამო, შური იძია და ეს კაცნაკლულმა, გუნდის ლიდერის გარეშე დარჩენილმა მოახერხა.
„სტემფორდს ბრიჯზე“ „ჩელსის“ მიერ ნაჩვენებ ფეხბურთს უსახური ეთქმის. პსჟ კი მაშინ აქტიურობდა, როდესაც ლორან ბლანის გუნდს ამის საჭიროება ჰქონდა და ფრანგებმა საჭირო გოლების გატანა მოახერხეს.
შეხვედრის პირველი აღსანიშნავი ეპიზოდი 31-ე წუთზე დაფიქსირდა. „პარი სენ ჟერმენის“ ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ოსკარის წინააღმდეგ იუხეშა. ჰოლანდიელმა არბიტრმა, იონას ერიკსონმა შემთხვევა ზედმეტად მკაცრად შეაფასა და შვედ ვარსკვალვს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. ამ გაძევების შემდეგ, იბრაჰიმოვიჩს, ჩემპიონთა ლიგაზე, უკვე 4 წითელი ბარათი დაუგროვდა და ის რეკორდსმენ ედგარ დავიდსს გაუთანაბრდა. საინტერესოა, რომ ორივე ამ ფეხბურთელს, კარიერის განმავლობაში, „აიაქსში“, „იუვენტუსში“, „ინტერში“, „მილანსა“ და „ბარსელონაში“ უთამაშია.
იბრაჰიმოვიჩის გაძევება იმას ნიშნავდა, რომ მან ჟოზე მოურინიოს გუნდს კვლავ ვერ გაუტანა. არადა, ზლატანი პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდს მერვედ უპირისპირდებოდა. მოურინიომ რომ იბრას განეიტრალება იცის, ეს „სტემფორდ ბრიჯზეც“ გამოჩნდა. შვედის მიერ მოედანზე გატარებული ნახევარი საათის განმავლობაში ის მეტოქის საჯარიმოში ბურთს მხოლოდ ერთხელ შეეხო.
სტატისტიკის გათვალისწინებით, პსჟ-ს, მოედანზე კაცნაკლული დარჩენა დიდად არ უნდა დასტყობოდა. პარიზელებს, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 თამაშიდან, რომლებშიც ისინი 10 კაცით დარჩნენ, 4 მოგებული ჰქონდათ. ფრანგულმა გუნდმა, ამჯერად, ვერ მოიგო, მაგრამ სასურველი შედეგი მაინც დააფიქსირა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, რაც მასპინძელ გუნდს კარგს არაფერს უქადდა. ჟოზე მოურინიოს გუნდებს, ჩემპიონთა ლიგის საშინაო თამაშში, პირველი ტაიმი უგოლოდ 14-ჯერ ჰქონდათ დამთავრებული და მათ მხოლოდ 5-ჯერ მოიგეს.
შეხვედრის პირველი რეალურად სახიფათო მომენტი 58-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც მეკარესთან პირისპირ გასულმა კავანიმ კურტუა მოატყუა, მაგრამ ურუგვაელის დარტყმის შემდეგ ბურთი ცარიელი კარის ძელს მოხვდა.
„ჩელსის“ რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ლონდონელებს 0:0 ხელს აძლევდათ და ისინი დიდი ძალებით წინ წასვლას ერიდებოდნენ. პარიზელები კი უტევდნენ, მაგრამ ამას შედეგი დიდი ხნის განმავლობაში არ მოჰქონდა.
პირველი გოლი 81-ეწუთზე გავიდა. მასპინძლებმა კუთხური მოაწოდეს, რასაც სტუმართა საჯარიმოში არეულობა და გარი კეჰილის ზუსტი დარტყმა მოჰყვა.
ამ გოლის შემდეგ, პსჟ-ს ამოცანა დიდად არ შეცვლილა - როგორც კეჰილის ზუსტ დარტყმამდე, ასევე მის შემდეგ, სტუმრებს ერთი გოლი ჭირდებოდათ. თუმცა, ისტორიის გათვალისწინებით, ეს ძალზე რთული მისია იყო. პსჟ-ს ხომ ინგლისში ჩატარებულ 6 მატჩში გოლი გატანილი ჯერ არ ჰქონდა.
პარიზული გუნდის უსიამოვნო ტრადიცია დღევანდელი მატჩის 86-ე წუთზე დაირღვა, როდესაც ლავესის მიერ კუთხურის მოწოდების შემდეგ, „ჩელსის“ ყოფილმა მცველმა, დავიდ ლუისმა თავით შედეგიანად დაარტყა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. ცნობისთვის, დავიდ ლუისი „ჩელსის“ პირველი ყოფილი ფეხბურთელია, რომელმაც ლონდონურ გუნდს გოლი ჩემპიონთა ლიგაზე გაუტანა.
მოსალოდნელი იყო, რომ კაცნაკლული პსჟ დამატებით ტაიმებს უფრო დაღლილი შეხვდებოდა და „ჩელსიმ“ ამით ისარგებლა. 96-ე წუთზე, სტუმართა საჯარიმოში მორიგი ჩაწოდების შემდეგ, ტიაგუ სილვამ ხელით ითამაშა და არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, „ჩელსის“ სასარგებლოდ პენალტი მეხუთედ დაინიშნა. ასეთი შედეგი არცერთ სხვა გუნდს არ აქვს. საინტერესოა, რომ ამ ტურნირზე „ჩელსის“ სასარგებლოდ დანიშნული ბოლო 8 თერთმეტმეტრიანიდან ხუთის შემთხვევაში, არბიტრი ჰოლანდიელი იყო.
სტანდარტი გოლად ედენ აზარმა აქცია და 2 მატჩის ჯამში წინ კვლავ „ჩელსი“ გავიდა, თუმცა პარიზელთა კაპიტანმა, ტიაგუ სილვამ თავისი შეცდომა 114-ე წუთზე გამოასწორა. 113-ე წუთზე, სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს და ბრაზილიელმა მცველმა თავით დაარტყა, მაგრამ მას ტიბო კურტუამ აჯობა და ბურთი კვალვ კუთხურზე მოიგერია. მორიგი სტანდარტის შესრულების შემდეგ კი, ტიაგუ სილვას თავურს წინ ვეღარავინ აღუდგა და სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით, პსჟ-მ უპირატესობა მოიპოვა.
შეხვედრის დარჩენილ წუთებში „პარი სენ ჟერმენის“ ათმა ფეხბურთელმა ბურთის დაჭერა მოახერხა და „ჩელსიმ“ საჭირო გოლი ვერ გაიტანა. ეს ნიშნავს, რომ ლონდონური კლუბი გათამაშებას წაუგებლად გამოეთიშა.
პსჟ-მ ჟოზე მოურინიოს 2 წარმატებული სერია შეწყვიტა. პორტუგალიელი სპეციალისტი მომდევნო ეტაპზე გასვლას ყოველთვის ახერხებდა, როდესაც მისი გუნდი ფლეი ოფის პირველ მატჩში, მეტოქის მოედანზე, გოლს გაიტანდა და არ წააგებდა. გარდა ამისა, „განსაკუთრებულის“ გუნდები, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 გათამაშებაში, მინიმუმ ნახევარფინალამდე მისვლას ახერხებდნენ.
სტუმარმა გუნდმა თამაში კაცნაკლულად დაასრულა დღის მე-2 თამაშშიც. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ „შახტარმა“ თამაში კაცნაკლულმა დაიწყო, რადგან კუჩერმა წითელი ბარათი მე-3 წუთზე მიიღო, რაც ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გაძევებაა.
დონეცკელთა მე-5 ნომერს მსაჯმა მარიო გიტოცეს საჯარიმოში წაქცევა არ აპატია. ჰოლანდიელმა არბიტრმა უკრაინელი მცველის ქმედება ბოლო იმედის ჯარიმად მონათლა, რაც სამართლიანი გადაწყვეტილება არ ყოფილა.
„ბაიერნის“ წინააღმდეგ თამაში 11 კაცით ჭირს და ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მიუნხენელები მსაჯის მიერ გაწირულ მეტოქეს არ დაინდობდნენ. სტუმრებს პირველი გოლი ტომას მიულერმა გაუტანა, რომელმაც გიოტცეს მიერ გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა.
ამ დარტყმის შემდეგ, მიულერს, ჩემპიონთა ლიგაზე, 25 გოლი დაუგროვდა. გერმანელმა შემტევმა ამ შედეგს 25 წლისა და 291 დღის ასაკში მიაღწია. ლიგაზე 25 გოლი ამაზე ახალგაზრდას მხოლოდ მესის, რაულს, ბენზემასა და ანრის გაუტანიათ. მოგვიანებით, მიულერმა 26-ე გოლიც გაიტანა და ჩემპიონთა ლიგაზე გერმანელთა საუკეთესო ბომბარდირის, მარიო გომესის მიღწევა გაიმეორა.
მიულერის გარდა, „შახტარს“ რიბერიმ, გიოტცემ, ბოატენგმა, ლევანდოვსკიმ და ბადშტუბერმაც გაუტანეს. ამ უკანასკნელმა, საკლუბო დონეზე, თავი 2009 წლის შემდეგ პირველად გამოიჩინა. რაც შეეხება ლევანდოვსკის, მან ჩემპიონთა ლიგაზე თავისი მე-20 ბურთი გაიტანა და ამ შედეგის მისაღწევად პოლონელ შემტევს მხოლოდ 36 თამაშის ჩატარება დასჭირდა. შედარებისთვის, ლეო მესიმ პირველი 20 გოლი 40 თამაშში გაიტანა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ - 56 თამშში.
„ბაიერნის“ გარდა არცერთ სხვა გუნდს, ჩემპიონთა ლიგის მატჩი 7 გოლი ერთზე მეტჯერ არ გაუტანია. მიუნხენელებმა კი ეს, მხოლოდ მიმდინარე გათამაშებაში, 2-ჯერ მოახერხეს, სულ კი - 4-ჯერ.
რაც შეეხება „შახტარს“ - დონეცკური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველია, რომელმაც ერთი სეზონის განმავლობაში, ერთ მატჩში 7 გოლი ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ კი ამდენივე გაუშვა.
ჩელსი-პსჟ 1:1 (დ.დ. 2:2) (პირველი მატჩი 1:1)
ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა, რამირესი (დროგბა 91), მატიჩი (ზუმა 84), ოსკარი (ვილიანი 46), ფაბრეგასი, აზარი, კოსტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.
პსჟ (4-3-3): სირიგუ, მარკინიოსი, ლუისი, სილვა, მაქსველი, მოტა, ვერატი (ლავესი 82), მატუიდი (რაბიო 82), კავანი, იბრაჰიმოვიჩი, პასტორე (ვან დერ ვილი 118).
მწვრთნელი: ლორან ბლანი.
გოლები: 1:0 კეჰილი (81), 1:1 ლუისი (86), 2:1 აზარი (96, პენ), 2:2 სილვა (114).
გაფრთხილებები: ოსკარი 37, რამირესი 52, კოსტა 73 – მოტა 33, მატუიდი 40, ლუისი 73, ვერატი 74.
გაძევება: იბრაჰიმოვიჩი 31.
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 13 (5)-12 (6), კუთხური: 7-11, თამაშგარე: 2-5, სეივი: 4-3, ჯარიმა: 21-17.
ბაიერნი-შახტარი 7:0 (პირველი მატჩი 0:0)
მიუნხენი, “ალიანც არენა”
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი (დანტე 67), ალაბა, შვაინშტაიგერი, რობენი (როდე 19), გიოტცე, მიულერი, რიბერი (ბერნატი 59), ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა.
შახტარი (4-4-2): პიატოვი, სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი, ტაისონი (კრივცოვი 9), ფრედი, სტეპანენკო, კოსტა (ველიგტონი 79), ადრიანუ, ტეიშეირა (ილსინიო 70).
მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ.
გოლები: 1:0 მიულერი (4, პენ), 2:0 ბოატენგი (34), 3:0 რიბერი (49), 4:0 მიულერი (52), 5:0 ბადშტუბერი (63), 6:0 ლევანდოვსკი (75), გიოტცე (87).
გაფრთხილებები: ბადშტუბერი 26, ბოატენგი 38 – კოსტა 38.
გაძევება: კუჩერი 3.
მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია).
ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 25 (13)-4 (0), კუთხური: 8-4, თამაშგარე: 2-2, სეივი: 0-6, ჯარიმა: 15-5.