გიორგი შერმადინის “კანტუმ” ევროთასზე ასპარეზობა დაასრულა. იტალიურ კლუბს ვიქტორ სანიკიძის “უნიკსთან” საშინაო მატჩი 64:70 ჰქონდა წაგებული და მართალია, რუსეთში ბოლომდე იბრძოლა, მე-2 მარცხსაც ვერ გადაურჩა – 72:75.
სანიკიძე ისევ ტრავმირებულია და ყაზანელთა განაცხადში არ ყოფილა, შერმადინი კი სტუმართა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 14:35 წუთი გაატარა და 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
უკვე ცნობილია, რომ ევროთასის მეოთხედფინალში “უნიკსი” კიდევ ერთ რუსულ კლუბ ყუბანის “ლოკომოტივს” ეთამაშება. მატჩები 17 და 25 მარტს შედგება.