16 მარტს ტაილანდში კიკბოქსინგის ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენებიც იასპარეზებენ. მოწვევა სამ სპორტსმენზეა, თუმცა უსახსრობის გამო, ჯერჯერობით, მხოლოდ ორი მათგანის წასვლაა გადაწყვეტილი.
როგორც "მსოფლიო სპორტს" საქართველოს ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა ჯავახიამ განუცხადა, აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობის უფლება საქართველოდან არსენა ყარაგვეზაშვილმა, ცოტნე ჯავახიამ და დავით მესხორაძემ მოიპოვეს, თუმცა მათგან მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ყარაგვეზაშვილი და ჯავახია გაემგზავრებიან, რომელთაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დააფინანსებს.
"კიკბოქსინგში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამგზავრებასთან დაკავშირებით ჩვენმა ფედერაციამ სპორტის სამინისტროს სწორედ ამ ორი სპორტსმენის დასაფინანსებლად მიმართა, რადგან ისინი უფრო ტიტულოვანი კიკბოქსიორები არიან. დავით მესხორაძის ტაილანდში გამგზავრების ბედი კი ჯერჯერობით გაურკვეველია. სპორტსმენს ქუთაისის მერია 2000 ლარით აფინანსებს, რაც ტურნირში მონაწილეობისთვის არასაკმარისია", - აღნიშნა გოჩა ჯავახიამ.
მისივე თქმით, მესხორაძის გამგზავრება 6500 ლარი ჯდება და საჭირო თანხის მოსაძიებლად, თხოვნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაც მიმართეს – დავით მესხორაძე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლის მეოთხე კურსის იუნკერია.
„მსოფლიო სპორტი“ თავდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა და როგორც სამინიტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტიდან შეგვატყობინეს, მესხორაძეს ეროვნული თავდაცის აკადემიის მიერ უარი ეთქვა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის დაფინანსებაზე.
„ეროვნული თავდაცვის აკადემიის მთავარი პრიორიტეტია მაღალკვალიფიციური ოფიცრების მომზადება. აკადემია მაქსიმალურად უჭერს მხარს იუნკერების აკადემიის ფარგლებს გარეთ განვითარებას. იუნკერ მესხორაძეს ჩემპიონატის მსვლელობის პერიოდში მიეცემა დათხოვნაში წასვლის უფლება და საშუალება ექნება ამ პერიოდში გაცდენილი საათები დაბრუნების შემდეგ აღადგინოს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პასუხში.
ქართველი სპორტსმენები ტაილანდში 14 მარტს მიემგზავრებიან.