ჩოგბურთი

13:47 | 11.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა Paribas Open-ზე პირველი რაუნდი დასძლია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან ველსის პრესტიჟული ტურნირის (საპრიზო ფონდი 5 381 235 დოლარი) საკვალიფიკაციო ბადეში პირველი გამარჯვება იზეიმა, რისი წყალობითაც 8 სარეიტინგო ქულა და 3 125 დოლარი მიიღო.

ბასილაშვილმა მე-6 ნომრად განთესილ გერმანელ ტობიას კამკეს სამ სეტში – 6:3, 6:7 (4:7), 6:2 სძლია. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზს საქმის გაცილებით ადრე მომთავრებაც შეეძლო, რადგანაც მე-2 სეტში მეტოქეს 5:2-ს უგებდა და მატჩ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა, შემდეგ მცირე ჩავარდნა დაეწყო.

კვალიფიკაციის გადამწყვეტ რაუნდში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მე-20 განთესვის მქონე რუმინელი ვიკტორ ჰანესკუ იქნება, რომელმაც საწყის რაუნდში აშშ-ს სახელით მოთამაშე ალექს კუზნეცოვი იოლად – 6:4, 6:1 დაამარცხა.

ქართულ-რუმინული დაპირისპირება მე-9 კორტზე გერმანელი ჰანფმანის და ფრანგი როჟერ-ვასელინის მატჩის კვალად, დაახლოებით 01:00 საათზე დაიწყება და თუკი ბასილაშვილმა იმარჯვა, ძირითადი ბადის საგზურთან ერთად, 16 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

ძირითად ბადეში ერთბაშად 12 კვალიფიკანტი გავა და მათი სავარაუდო მეტოქეების ვინაობა უკვე ცნობილია. წარმატების შემთხვევაში, ნიკოლოზის მოწინააღმდეგე ამათგან ერთ-ერთი იქნება: ჰაიდერ-მაურერი (ავსტრია), მანარინო (საფრანგეთი), გროტი (ავსტრალია), ნიემინენი (ფინეთი), ტიემი (ავსტრია), დოლგოპოლოვი (უკრაინა), ესტრელა ბურგოსი (დომინიკის რესპუბლიკა), სისლინგი (ჰოლანდია), ჰაასე (ჰოლანდია) და იუჟნი (რუსეთი), კვალიფიკაციის 2 გამარჯვებული კი ერთმანეთის პირისპირ დადგება.

ისიც ვთქვათ, რომ კალიფორნიაში დაწყებულ BNP Paribas Open-ზე უძლიერესი შემადგენლობაა შეკრებილი. პირველ ნომრად ნოვაკ ჯოკოვიჩია (სერბეთი) განთესილი, ვისაც კვალში როჯერ ფედერერი (შვეიცარია), რაფაელ ნადალი (ესპანეთი), ენდი მიურეი (დიდი ბრიტანეთი), კეი ნიშიკორი (იაპონია), მილოშ რაონიჩი (კანადა), სტენ ვავრინკა (შვეიცარია), დავიდ ფერერი (ესპანეთი) და სხვები უდგანან.

0.106882