გელზენკირხენის “შალკეს” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ მადრიდის “რეალთან” “სანტიაგო ბერნაბეუზე” მოგებული (4:3) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისმა გუნდმა და გულშემატკივრებმა თამაშით დიდი სიამოვნება მიიღეს.
“დიდებული მატჩი გამოგვივიდა. ოთხი გოლი გავიტანეთ, თუმცა შემდეგ ეტაპზე ვერ გავედით. ბედნიერების გრძნობას განვიცდით და ამავდროულად ვწუხვართ კიდევაც. ცოტა მეტი იღბალი რომ გვქონოდა, ორი მატჩის ჯამში გამარჯებულები გამოვიდოდით. “რეალიდან” რონალდუმ განსაკუთრებულად ითამაშა, ანჩელოტი კი ჯერ კიდევ ტოპ კლასის მწვრთნელია. მეტოქეს არ მივეცით გალაღების საშუალება და მატჩისგან სიამოვნება მივიღეთ, ისევე როგორც ჩვენმა გულშემატკივრებმა.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
იტალიელი სპეციალისტების დაპირისპირება კარლო ანჩელოტის სასარგებლოდ დასრულდა. “შალკე” ამჯერად ბოლომდე ბუნდესლიგაზე გადაერთვება. გერმანიის ჩემპიონატში “ხუმარები” 38 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფებიან.