მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გელზენკირხენის “შალკესთან” “სანტიაგო ბერნაბეუზე” წაგებული (3:4) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის გუნდში პრობლემებმა თავი მოიყარა.
“ვწუხვარ, რადგან ყველამ ჩვენი ცუდი თამაში ნახა. ეს კლუბისთვის კარგი არაა. დავიმსახურეთ გულშემატკივრებისგან სტვენა, მაგრამ ამავდროულად მათი კრიტიკული მიდგომა უფრო გვაძლიერებს. ჯერ კიდევ მჯერა გუნდის, რადგან ვიცი თუ რა შეუძლიათ ჩემ ფეხბურთელებს. ბევრი მუშაობა გვმართებს. ასეთი თამაშები არავის მოსწონს. პირველ ტაიმში დაცვაში ბევრი პრობლემა გვქონდა, რადგან არაორგანიზებულები ვიყავით, საერთოდ ბევრ ასპეკტში მოვიკოჭლეთ.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
ანჩელოტიმ “ვილიარეალის” წინააღმდეგ პრიმერადივიზიონის 25-ე ტურის მატჩში 78-ე წუთზე ისკოს ნაცვლად მოედანზე ილიარამენდი შემოიყვანა და გულშემატკივრებმა ეს ცვლილება გააპროტესტეს. მატჩის შემდეგ იტალიელმა თქვა, რომ კრიტიკა მიუღებელია და გადაწყვეტილებები მისი სურვილისამებრ განხორციელდება ხოლმე. ამჯერად კი მწვრთნელს სხვა შანსი არ დარჩა და კრიტიკა დამსახურებულად მიიღო.