ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში მყესი დაიზიანა და მოედანი 51-ე წუთზე დატოვა.
მართალია ფეხბურთელმა “ოლდ ტრაფორდი” საკუთარი ფეხით დატოვა, თუმცა როგორც გაირკვა, ტრავმა სერიოზული ყოფილა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ალექსს 1 თვით უქმად ყოფნა მოუწევს. შესაბამისად, ფეხბურთელი როგორც “არსენალს” საკლუბო ტურნირებზე, ასევე სანაკრებო პაუზის დროს ინგლისის ნაკრებს ვერ დაეხმარება.
“სამი ლომი” ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს შინ ლიტვის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 31 მარტს სტუმრად იტალიას ამხანაგურად გაეჯიბრება.
21 წლის ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ჯამში 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 4-ჯერ თანაგუნდელებსაც მისცა თავის გამოჩენის საშუალება.