პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ “შალკესთან" წაგებული (3:4) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ჟურნალისტებს სეზონის ბოლომდე აღარ დაელაპარაკება.
მიუხედავად იმისა, რომ “სამეფო გუნდი” მეოთხედფინალში გავიდა, მადეირელი ვარსკვლავი თავისი გუნდის ასპარეზობით, გულშემატკივრების დარად, უკმაყოფილო გახლდათ.
რონალდუმ გერმანული კლუბის წინააღმდეგ მატჩში დუბლი შეასრულა, ევროტურნირებზე (ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი) რიგით 78-ე გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა სიას სათავეში ჩაუდგა. მეორე ადგილზე რაულია (77), ხოლო მესამეზე არგენტინელი ლიონელ მესი (76).
მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების მიხედვით კი პორტუგალიელი კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავ მესის გაუტოლდა და ახლა მათ 75-75 გატანილი გოლი აქვთ.
“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის განმეორებით შეხვედრას “მანჩესტერ სიტისთან” 18 მარტს გამართავს და მესი როგორც ყველა ევროტურნირზე, ასევე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ბომბარდირთა სიის ლიდერობას შეეცდება.