საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ ინტერნეტპორტალ iltirreno.gelocal.it-თან საუბარში მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში გოლების არგატანაში თავი დაიდანაშაულა. ასევე, შარშან დეკემბერში იტალიის თასზე “ჯენოას” კარში ზლატან იბრაჰიმოვიჩის სტილით გატანილი ბურთი გაიხსენა.
- ის ეპიზოდი გახსოვთ?
- რა თქმა უნდა. პასის მომენტში ბურდისო მაისურზე მქაჩავდა, რათა ბურთი არ მიმეღო. მე კი, საპირისპიროს ვცდილობდი. ბურთთან შეხებისას ვიგრძენი, რომ რაღაც კარგი გამომივიდოდა.
- იბრაჰიმოვიჩის შესაფერისი გოლი გამოვიდა...
- ჩემსა და “იბრას” შორის სხვაობა საკმაოდ დიდია. თუმცა, მართალია, რომ ასეთი ტიპის გოლები მას ახასიათებს და არა მე.
- მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში გოლი ჯერ არ გაგიტანიათ...
- გასულ სეზონამდე ბევრი ფიზიკური პრობლემა მქონდა და იშვიათად ვთამაშობდი. ამ ვითარებაში გოლების გატანა იოლი არ იყო. თუმცა, მიმდინარე სეზონში მხოლოდ ჩემი თავის დადანაშაულება შემიძლია. როგორც არასოდეს, ისე ვვარჯიშობდი და ვთამაშობდი. თუ გოლები არ გამაქვს, ჩემი ბრალია. ვცდილობდი, რაც მქონდა ყველა შესაძლებლობა გამომეყენებინა, მაგრამ ჯერ წარმატებას ვერ მივაღწიე.
- და შემდეგ?
- ვბრაზდები, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ. პალერმოში გოლის გატანასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ არ გამომივიდა. კიდევ ერთხელ შევეცდები, როდესაც კვლავ ვითამაშებ.
iltirreno.gelocal.it-ის ინფორმაციით, მჭედლიძემ თავის “ინსტაგრამზე” “პალერმოს” ტრავმირებული ფეხბურთელის შვეიცარიელი მიშელ მორგანელას ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც მიაწერა: “ძალიან მეწყინა”.