საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია წინამორბედებისაგან გამორჩეულ ეროვნულ ჩემპიონატს ატარებს. განსხვავება ისაა, რომ პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში, რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ბოლო და ბოლოსწინა ადგილზე გასული გუნდები ეროვნული ჩემპიონატის დატოვების საფრთხის წინაშე დადგებიან. მათი და „ა“ ლიგის 2 საუკეთესო გუნდის დაპირისპირების შემდეგ გაირკვევა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც მომდევნო 2015-16 წლების სეზონში სუპერლიგაში იასპარეზებენ. ამით შეიძლება აიხსნას, რომ წინამორბედებისაგან განსხვავებით, 24-ე ეროვნული ჩემპიონატი უაღრესად დაძაბულად მიმდინარეობს, რადგან თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს, რათა გუნდები ბოლო და ბოლოსწინა ადგილებზე არ გავიდნენ.
გთავაზობთ ინტერვიუს „სოხუმის“ მთავარ მწვრთნელ ვაჟა კვარაცხელიასთან.
- გასულ 2013-14 წლების სეზონში, როცა გუნდმა თითქმის უხელფასოდ ითამაშა, „სოხუმს“ ასეთი ცუდი შედეგი არ ჰქონია. ახლა როცა საქართველოს რკინიგზის სახით „სოხუმს“სპონსპორი ჰყავს, რა გახდა მიმდინარე ჩემპიონატში გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგის მიზეზი?
- სამწუხაროდ, რაც ეროვნულ ჩემპიონატში ბოლო ორ ადგილზე გასულ გუნდს გავარდნის საშიშროება დაემუქრა, ძალიან ცუდი, ტენდენციური მსაჯობაა. მსაჯების გამორჩეული სიმპათიით „ოლიმპი“ სარგებლობს. რაც შეეხება „სოხუმის“ სპონსორს, გარკვეული თანხა კი მივიღეთ, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა კალათბურთელებს ხელფასები არ მიუღიათ. გვაიმედებენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ჯერ არაფერი სჩანს. შარშანდელი უხელფასოდ ჩატარებული სეზონის შემდეგ, ძნელია კალათბურთელები სათამაშოდ განაწყო. ცუდი მსაჯობითა და გუნდში ხელფასების დაგვიანებით შეიძლება აიხსნას, რომ აუტსაიდერთა შორის ვიმყოფებით.
- მსაჯობის მიმართ სხვა გუნდებსაც თუ აქვთ პრეტენზიები?
- დანამდვილებით ვიცი, რომ „ოლიმპთან“ თამაშის დროს მსაჯობით ყველა გუნდი უკმაყოფილოა.
- სხვა გუნდების სახელით საუბარი გამართლებულად მიგაჩნიათ?
- ვიცი მათი აზრი და ამიტომაც ვამბობ. თუ მსაჯობის მხრივ არაფერი შეიცვალა, მაშინ არც „ა“ ლიგის გუნდებთან თამაშს ექნება აზრი.
- სატრანსფერო ფანჯარის დროს 2 ამერიკელი კალათბურთელი უკვე დაიმატეთ. კიდევ ხომ არ აპირებთ გუნდის გაძლიერებას?
- მართალია სატრანსფერი ფანჯარა დახურულია, მაგრამ კარგი იქნება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა გამონაკლისის სახით უკლუბოდ დარჩენილ, როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატ, ლევან ფაცაციას დამატების უფლებას თუ მოგვცემს. თავად კალათბურთელსაც სურვილი აქვს, მიმდინარე სეზონი ჩვენს გუნდში დაასრულოს.