მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე "ვალენსიასთან" ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.
"ჩოლოს" თქმით, მიმდინარე სეზონში "ატლეტიკოს" მიზანი ჩემპიონობა არაა და მისი გუნდი მესამე ადგილზე გასასვლელად იბრძვის.
"შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარე სეზონში "ატლეტიკო" ჩემპიონობისთვის არ იბრძვის.
ჩვენი მიზანი მესამე ადგილის დაკავებაა, რაზეც "ვალენსია" და "სევილია" გვიწევენ წინააღმდეგობას. ბოლო ორი შეხვედრა სწორედ მათთან ჩავატარეთ და მოხარული ვარ, რომ კონკურენტებთან არ წავაგეთ.
გუშინდელ მატჩში პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ და შედეგიც სასურველი დაფიქსირდა, თუმცა მეორე ნახევარში მოვლენები სხვანაირად განვითარდა. "ვალენსიას" უფრო დიდხანს ეჭირა ბურთი და გააზრებულად თამაშობდა.
შემიძლია ვთქვა, რომ ფრე ლოგიკური შედეგია", - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკო" "ბარსელონასა" და "რეალს" შვიდი და შესაბამისად ექვსი ქულით ჩამორჩება. სამაგიეროდ, მადრიდელები "ვალენსიას" ქულით, ხოლო "სევილიას" ექვსი ქულით უსწრებენ.