დასანანი მარცხი იწვნია დუდა სანაძის „სან დიეგომ“. ამერიკის სტუდენტური ლიგის „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და მე-5 ადგილზე გასული „სან დიეგო“ მე-4-ზე გასულ „პეპერდაინს“ მეოთხედფინალში შეხვდა.
პლეი ოფის თამაშები ტრადიციულად ლას ვეგასში იმართება. „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციის საუკეთესო 8 გუნდი ნევადას შტატში შეიკრიბა და ჩემპიონის გამოსავლენი ბრძოლა გააჩაღა. სამწუხაროდ, სანაძის გუნდმა მეოთხედფინალური რაუნდი წააგო, არადა, პირველი ტაიმის შემდეგ „პეპერდაინს“ დამაჯერებლად – 24:18 უგებდა.
მეორე ნახევარში მეტოქემ თამაში გამოასწორა და საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში, 3 ქულის სხვაობით – 50:47 იმარჯვა. სანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 17 წუთი დაჰყო. ქართველმა უკანახაზელმა 6-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 სამიანი ჩააგდო და 5 ქულას 3 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მოაყოლა.
სანდიეგოელთაგან საუკეთესო შედეგი 11-11 ქულით ჯონი დიმ და ვასა პუსიკამ დააფიქსირეს. „პეპერდაინი“ ნახევარფინალში სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ „გონზაგას“ შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში „სან ფრანცისკოს“ 81:72 მოუგო.
www.gbf.ge