საქართველოს საფეხბურთო კლუბების უმეტესობა დასაბამს საბჭოთა კავშირის პერიოდიდან იღებს. რეალობაა ისიც, რომ ჩვენი გუნდების დიდი ნაწილი სწორედ მაშინ შეიქმნა, როდესაც ქვეყანაში ე.წ. “წითელი ტერორი” მძვინვარებდა და ნაძალადევი კოლექტივიზაციის გამოისობით ათეულობით ათასი ადამიანი გაუყენეს ციხეებისა და გულაგების გზას.
გასული საუკუნის 20-იანი, 30-იანი წლები იყო შიშისა და ძალადობის პერიოდი და ამის მიუხედავად, ადამიანები მაინც ახერხებდნენ და იცლიდნენ სტადიონზე მისასვლელად. ეს კიდვ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში სპორტის ამ სახეობას განსაკუთრებული ძალა ჰქონდა და ეს ყველაზე კარგად სტალინის რეჟიმმა უწყოდა. საქმე მხოლოდ ყბადაღებულ ”პური და სანახაობაში” როდია. სულ ზემოთ მყოფმა შავულვაშა სადისტმა ყველაზე კარგად იცოდა, რომ ქართველების, უკრაინელების, სომხებისა და საბჭოთა კავშირში მცხოვრები სხვა ერების ნაციონალური ენერგია აუცილებლად უნდა წარმართულიყო სადმე, ანდა უბრალოდ ინგუშებივით ყველა ერი სხვადასხვა ადგილზე უნდა გაესახლებინა, რაც ტექნიკურად არცთუ ადვილი საქმე იყო. ამიტომ, დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა იმას, რომ რეჟიმზე განაწყენებულ ხალხს რეჟიმისათვისვე ჯობდა, რომ ”ორთქლი” სტადიონზე გამოეშვა და არა მასობრივი აჯანყენების დროს. აჯანყებები კი საბჭოთა კავშირის შექმნის დასაწყისში საკმაოდ ბევრი იყო.
უკრაინაში შეძლებული გლეხობის მასობრივ განადგურებას, რომელსაც შემდეგ ”გოლოდომორი” ეწოდა, მოჰყვა უკრაინის მთელი რიგი ტერიტორიების გაუკაცრიელება და გაუდაბურება. ამ ამბავს სტალინი დიდი გულმოდგინებით უმალავდა დასავლეთს და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში დატრიალებულ საშინელებებზე ინფორმაციამ ბრიტანეთის მედიაში მაინც გაჟონა, დასავლელ ლიდერებს დიდად არ გამოუდვიათ თავი ამ უბედურების გასაპროტესტებლად. მათ უკვე სულ სხვა საფიქრალი აწუხებდათ – ფაშისტური გერმანის გაძლიერება. საბჭოეთი მაშინ მეორე რანგის პრობლემად ითვლებოდა.
საბჭოთა კავშირის ისტორიისა და საბჭოთა ფეხბურთის ყველაზე ბნელი ფურცლები მაშინ დაიწერა, როდესაც დასავლეთ უკრიანის ერთ-ერთ გაუკაცრიელებულ და შიმშილობისგან დაუძლურებულ პატარა ქალაქში, სტალინის უშუალო ბრძანებით ამხანაგური საფეხბურთო მატჩი შედგა. ამ თამაშის მონაწილე ერთ-ერთი არაუკრაინელი ფეხბურთელი შემდგომში იგონებდა, რომ სანამ სტადიონამდე მივიდოდნენ, ის მატარებლის ფანჯრიდან ხედავდა ქუჩაში დაყრილ შიმშილისაგან დაუძლურებულ ადამიანებს, მუცელგამობერილ, შიმშილისაგან გარდაცვლილ ბავშვებს და დაცარიელებულ მიდამოს, რაც ფეხბურთელებსიათვის იმდენად დამთრგუნველი აღმოჩნდა, რომ თამაშის დროს მოწინააღმდეგის კარის აღებაზე საერთოდ ვეღარ ფიქრობდნენ და მატჩი 0:0 დასრულდა.
დღეს ქართულ და საერთოდ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ფეხბურთში ძველი ეპოქიდან თითქოს მხოლოდ კლუბის საბჭოური დასახელებებიღაა შემორჩენილი, რაც ბევრს სამართლიანად აღიზიანებს, მაგრამ ეს არაფერია იმ საშინელებასთან შედარებით, რაც საფუძველშივე ჰქონდა საბჭოურ ფეხბურთს და ამას ჩვენი თბილისის “დინამოს” არცთუ საამო ისტორიის დასაწყისიც მეტყველებს, როდესაც თბილისური კლუბის რამდენიმე ფეხბურთელი ოფიციალურად “ენკავედეს” თანამშრომელი იყო და მასობრივ დახვრეტებში და ხალხის წამებაში იღებდა მონაწლეობას.
ყველაზე მძიმე მდგომარეობა დიდ ინდუსტრიულ ქალაქებში იყო, სადაც ე.წ. პროლეტარიატი ცხოვრობდა და სადაც რეჟიმი განსაკუთრებულ იდეოლოგიურ წნეხს ახორციელებდა. სწორედ ასეთ შედარებით დიდი ქალაქების საფეხბურთო კლუბები იყო განსაკუთრებული ყურადღებისა და დაკვირვების ქვეშ და სწორედ ასეთ კლუბებს არქმევდნენ: “დინამოს”, “ტორპედოს”, “ლოკომოტივს” თუ სხვა უბედურებას. პატარა ქალაქებში კი მაინც ბედავდნენ გუნდებისათვის: “საპოვნელას”, “ჩხერიმელას” და სხვა არასაბჭოური სახელწოდებების დარქმევას. საერთოდ, როგორც წესი, თავისუფლების სიო სწორედ რეჟიმის მიერ მივიწყებული პატარა დასახლებებიდან უბერავს ხოლმე.
დღეს საბჭოური ფეხბურთი თითქოს მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე დარჩა. თითქოს ეს მხოლოდ წარსულია და სხვა არაფერი, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არაა და ყველანი ნათლად ვხედავთ, რომ იმპერია კვლავ ცდილობს აღდგენას და ეს უკრაინაში დატრიალებული ამბებითაც მტკიცდება.
ასეთ დროს კი ფეხბურთზე, სამწუხაროდ, ნაკლებად ფიქრობენ...