დღეს ინგლისის ჩემპიონატის 27-ე ტურის ერთი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. “ლოფტუს როად სთედიუმზე” ლონდონურმა “ქუინზ პარკ რეინჯერსმა” თანაქალაქელი “ტოტენჰემი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
ქულები ორივე კლუბს უაღრესად ესაჭიროებოდა და მოედანზე მედგარი ბრძოლა გაიმართა. კრის რემსის შეგირდები პრემიერლიგაში დარჩენისთვის იბრძვიან და მათთვის ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს, ხოლო სტუმრები ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ცდილობენ.
მიმდინარე სეზონში როგორც ხშირად ხდება, კვლავ ჰარი კეინმა გაიბრწყინა. 34-ე წუთზე ანდროს თაუნსენდმა სტანდარტულიდან ჩააწოდა, ყველას კეინმა დაასწო და ანგარიში გახსნა. ახალგაზრდა ფორვარდმა მეორედ 68-ე წუთზე იხეირა, მეისონის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ჰარი მეკარესთან პირისპირ გავიდა, გრინი მოატყუა და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. მასპინძლებმა რაც მოახერხეს, პრესტიჟის გოლის გატანაა – 75-ე წუთზე სანდრომ ყოფილ გუნდს გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2.
“ტოტენჰემმა” 50 ქულა დააგროვა, მე-6 ადგილზე გადავიდა და ჩემპიონთა ლიგის ზონას სამი ქულით ჩამორჩება.
ქპრ – ტოტენჰემი 1:2 (0:1)
ლონდონი, “ლოფტუს როად სთედიუმი”
ქპრ (4-4-2): გრინი, ფერდინანდი, კოლკერი, ონიოჰა, იუნი, სანდრო (რაიტ-ფილიპსი 93), ჰენრი (კოქსი 88), ისლა (ჰოილეტი 71), ფილიპსი, ზამორა, ოსტინი.
მწვრთნელი: კრის რემსი
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, დაიერი, დევისი, უოლკერი, ბენტალები, მეისონი, ერიკსენი (სტამბული 88), ჩადლი (ლამელა 79), თაუნსენდი (დემბელე 65), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
გოლები: 0:1;0:2 კეინი (34;68), 1:2 სანდრო (75).
გაფრთხილებები: ჰენრი – ბენტალები, მეისონი
მსაჯი: კრეიგ პაუსონი
ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 16(5)-13(6), ჯარიმა: 15-12, კუთხური: 3-5, თამაშგარე: 3-3, სეივი: 4-4