ფეხბურთი

0:25 | 8.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერების ამბები: ლიპარტიას გოლი, მაისურაძის გაძევება

ტორსტენის ფინკის “აპოელმა” ნიქოზიაში იონ არნე რიისეს გოლით “ანორთოსისი” დაამარცხა. გიორგი აბურჯანიამ სრულად ითამაშა. სასტარტოში მოხვდა ირაკლი მაისურაძე, თუმცა მას მსაჯმა 83-ე წუთზე წითელი ბარათი უჩვენა. ირაკლიმ გაფრთხილება მე-19 წუთზე მიიღო, მეორე ყვითელი ბარათი და შესაბამისად წითელი ბარათი კი მატჩის მიწურულს, როცა მატჩის საბოლოო შედეგი დაფიქსირებული იყო.

უკრაინის პრემიერლიგაში გოლი გაიტანა ჯაბა ლიპარტიამ. “ზარია” სტუმრად “ილიჩევეცთან" 1:2 დამარცხდა. მე-12 წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ, 26-ე წუთზე კი “ვიტ ჯორჯიას” ყოფილმა ფეხბურთელმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მატჩის დასასრულს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე “ილიჩევეცმა” გამარჯვების გოლი გაიტანა.

გერმანიის მესამე ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში “უნტერჰაჰინგი” საკუთარ მოედანზე კიოლნის “ფორტუნას” ეთამაშა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, პირველი ტაიმის მიწურულს სტუმრები დაწინაურდნენ, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ანგარიში გათანაბრდა. ლუკას ჰუფნაგელი განაცხადში იმყოფებოდა, მოედანზე კი შესვენების შემდეგ გამოჩნდა.

“ჰალეშერმა” გასვლით შეხვედრაში 1:0 დაამარცხა “შტუტგარტის” სარეზერვო გუნდი. აკაკი გოგიამ სასტარტოში ითამაშა და 85-ე წუთზე შეცვალეს. ერთადერთი გოლი ბანოვიჩის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა წითელი ბარათი სამ ფეხბურთელს უჩვენა.

იტალიის რანგით მესამე ლიგაში ითამაშა ირაკლი შეყილაძემ. “სუდტიროლი” საკუთარ მოედანზე “რეალ ვიჩენცას” მასპინძლობდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ქართველი ფორვარდი კი მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა.

უნგრეთის ჩემპიონატში “ფერენცვაროშმა” 3:0 დაამარცხა “გიორ ეტო.” გოლები მეორე ტაიმში გავიდა. ქართველი ფორვარდი გიორგი ქვილითაია განაცხადში არ იმყოფებოდა. “გიორი” უნგრეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილს იკავებს.

0.119401