საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრ იაკობ მაქარაშვილს 3-გზის ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსანდრ მედვედის სახელობის ტურნირის ჩემპიონობამდე ერთადერთი მოგება დააკლდა. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი გადამწყვეტ შეხვედრაში, ამერიკელი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის ჯორდან ბაროუზის წინააღმდეგ საჭიდაოდ ტრავმირებული ფეხით გავიდა და საბოლოოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა. რევაზ მინდორაშვილის გუნდისვე წევრმა ომარ გუსოშვილმა (97 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ფინალამდე მაქარაშვილმა რუსეთის ნაკრების წევრები ხაბიბ ბაატიროვი და ბორის მაკოევი, ტაჯიკეთის სახელით მოჭიდავე გამიდ ჯალილოვი და ბელარუსი რასულ ტიხაევი დაამარცხა.
გუსოშვილმა ძირითად ბადეში გამოსვლა ნახევარფინალში დაასრულა, მომავალ ჩემპიონთან, აზერბაიჯანის ნაკრების უხვტიტულა წევრ ხეთაგ გაზიუმოვთან წაგებით. ამ შეხვედრამდე ამერიკელი კაიალ ბაიერსი დაამარცხა. რეპეშაჟის ფინალში კი მოლდოველ ნიკოლა ჩებანს აჯობა. ამავე წონით კატეგორიაში უნდა ეჭიდავა დავით მარსაგიშვილს, რომელიც წილისყრამ საწყის ეტაპზევე სწორედ ომარ გუსოშვილთან დააწყვილა, მაგრამ მარსაგიშვილს ბელარუსულ შეკრებაზე რამდენიმე დღის წინ მიღებულმა ტრავმამ ჭიდაობის საშუალება არ მისცა და თანაგუნდელს გამარჯვება უბრძოლველად დაუთმო.
გუშინვე, მინსკის ხალიჩაზე საქართველოს დროშის ქვეშ ბექა ბუჯიაშვილმა, ოთარ გოგავამ (ორივე 57 კგ), კონსტანტინე ხაბალაშვილმა, მალხაზ ზარქუამ (ორივე 65 კგ), ზურაბ ერბოწონაშვილმა (74 კგ), ელიზბარ ოდიკაძემ, მამუკა კორძაიამ და დავით ქერაშვილმა (სამივე 97 კგ) იჭიდავეს, მაგრამ მედლის გარეშე დარჩნენ.
დღეს კი ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 61, 70, 86 და 125 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს ნაკრების თავკაცმა ამ წონების განაცხადში ლადო ხინჩეგაშვილი, ბექა ლომთაძე, შოთა ფარტენაძე (სამივე 61 კგ), ზურაბ იაკობაშვილი, დავით ტლაშაძე (ორივე 70 კგ), ჯაბა ყველაშვილი (86 კგ), გიორგი საკანდელიძე, დავით მოძმანაშვილი და გიორგი მეშვილდიშვილი (სამივე 125 კგ) შეიყვანა.
57 კგ
1 ვლადისლაუ ანდრეევი (ბელარუსი)
2 ნადირბეკ ულუ სამატი (ყირგიზეთი)
3 ტამერლან კარაევი (რუსეთი)
3 ბეხბაიარ ერდენებატი (მონღოლეთი)
65 კგ
1 აზამატ ნურიკაუ (ბელარუსი)
2 მაგომედ ყურბანალიევი (რუსეთი)
3 საიატბეკ ოკასოვი (ყაზახეთი)
3 ალექსანდრ კონტოევი (ბელარუსი)
74 კგ
1 ჯორდან ბაროუზი (აშშ)
2 იაკობ მაქარაშვილი (საქართველო)
3 რასულ ტიკაევი (ბელარუსი)
3 ალი შაბანაუ (ბელარუსი)
97 კგ
1 ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)
2 შარიფ შარიფოვი (აზერბაიჯანი)
3 ომარ გუსოშვილი (საქართველო)
3 ვალერი ანდრიიცევი (უკრაინა)