კიშინიოვის “დაჩიამ”, რომელსაც ზამთარში ქართველი ფორვარდები დავით სირაძე და ჯაბა დვალი შეემატნენ, მოლდოვის საფეხბურთო ნაციონალ დივიზია (უმაღლესი ლიგა) მარცხით განაახლა.
მე-20 ტურში “დაჩიამ” “ტირასპოლს” უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო. დვალი მე-40 წუთზე შეცვალეს, ხოლო სირაძე – 70-ეზე.
მარცხის შემდეგ “დაჩიას” 33 ქულა დარჩა და 11-გუნდიან ჩემპიონატში პირველი პოზიციიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.
საბერძნეთის თასს 1/4-ფინალიდან გამოეთიშა სავალალო ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კრეტას ოფი, სადაც მეკარე გიორგი ლორია და შემტევი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი ირიცხებიან.
ოფი-მ “ქსანტთან” პირველი შეხვედრა სახლში 1:1 დაასრულა, ხოლო ხუთშაბათს საპასუხო მატჩში 0:3 წააგო. ქართველ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. მერებაშვილმა სეზონის ბოლომდე ოფი-ს მაისურის მორგება იუარა და ფიფაში იჩივლა. ის კრეტელთა რიგებში მხოლოდ ივარჯიშებს. ლორია მიმდინარე სეზონს ოფი-ში დაასრულებს.