ფეხბურთი

9:23 | 6.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმელები მიზნისკენ გეგმაზომიერად მიდიან

მიმდინარე სეზონის დასაწყისში ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეროვნული პირველობის ერთ-ერთი ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმის ,,დინამოსა” და გორის ,,დილას” შეხვედრა გახდებოდა. არადა, ქობულეთში ,,ჩელე არენაზე” სწორედ სატურნირო ცხრილის სამეულში მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გორელებმა წინა ტურში თბილისის ,,დინამოს” წაფორხილებით ისარგებლეს და ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვეს. რაც შეეხებათ ბათუმელებს, აჭარლებმა ბოლო მატჩები აღმავლობით ჩაატარეს და სამეულში დამკვიდრდნენ.

მატჩის დღეს ქობულეთში გადაუღებლად წვიმდა. მართალია, შეხვედრის დაწყების დროს გამოიდარა, მაგრამ მინდორი დამძიმებული გახლდათ, ამის გამო ფეხბურთელებს სწრაფი მოძრაობა უჭირდათ. ამან სანახაობრივი მხარე დააკნინა, თუმცა დაძაბულობა მატჩის ბოლომდე არ განელებულა.

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და დებიუტშივე მათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცათ. ქავთარაძემ მარჯვენა ფრთაზე რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და გამჭოლი გადაცემით ბერიაშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა სულ უკანასკნელ წამს აჭარელთა შემტევს მცველებმა დაასწრეს და სიტუაცია განმუხტეს.

ამის შემდეგ თამაშმა მინდვრის ცენტრში გადაინაცვლა. მეტოქეები ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ, თუმცა რეალური ხიფათის შექმნას ვერც ერთ კართან ვერ ახერხებდნენ. ნახევარი საათი ისე მოილია, რომ აღსანიშნავი არაფერი მომხდარა.

მომდევნო სახიფათო შეტევა მასპინძლებმა 35-ე წუთზე განახორციელეს, თუმცა ამაში მათ მეტოქე დაეხმარათ. ტატანაშვილმა მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლა, ბურთს დაეუფლა და გამიზნული გადაცემით ბერიაშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა აჭარელთა ფორვარდმა რატომღაც მარცხნისკენ გადაიწია და მახვილი კუთხიდან კარის დალაშქვრა ვეღარ მოახერხა. მისი დარტყმა მიგინეიშვილმა კუთხურზე მოიგერია. ქავთარაძის მოწოდებულ კუთხურს ტეტუნაშვილი თავით გამოეხმაურა და ბურთი გორელთა კარისკენ გაგზავნა. ამჯერად სიტუაცია მცველებმა განმუხტეს.

ტაიმის უკანასკნელ წუთებზე თავიანთი შანსი სტუმრებსაც მიეცათ. საჯარიმოს კუთხესთან დანიშნული საჯარიმო კვეკვესკირმა ოსტატურად შეასრულა, მაგრამ მისი დარტყმა ალავიძემ მუშტებით უკუაგდო, დამატებაზე კი გორელებმა ვეღარ იყოჩაღეს.

მატჩის მეორე ნახევარი გაცილებით უფრო საინტერესო და თვალსასეირო გამოდგა. შეხვედრის განახლებისთანავე მაკარიანი მარცხენა ფრთაზე გაიჭრა და შორეულ ძელთან ჩასაფრებულ ქავთარაძეს გამიზნული გადაცემა გაუკეთა. აჭარელთა ნახევარმცველს ხელს არავინ უშლიდა, თუმცა მისი შეუჩერებელი დარტყმა ოდნავ ასცდა კარს. თითქმის მაშინვე ბერიაშვილი ურტყამდა შემობრუნებით საჯარიმოს ხაზიდან, მაგრამ მიგინეიშვილმა სწორი პოზიცია დაიჭირა და ბურთს იოლად დაეუფლა.

50-ე წუთზე ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა გორელებსაც ჰქონდათ. სეთურიძის ჩაწოდებულს გორელიშვილი თავური დარტყმით აგვირგვინებდა. ალავიძე გაჭირვებით მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია. 10 წუთის შემდეგ კვეკვესკირი ურტყამდა სახიფათოდ საჯარიმოს მისადგომებიდან. ალავიძემ ბურთის ხელებში შემაგრება ვერ მოახერხა, დამატებას ჯაფარიძე ცდილობდა, მაგრამ ხელსაყრელი მდგომარეობიდან ბურთი კარს ააცილა.

მასპინძელთა საპასუხო შეტევა შედეგიანი გამოდგა. 63-ე წუთზე აჭარლებმა მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომლის ბოლო ფაზაში ბურთს საჯარიმოს რკალთან შონია დაეუფლა და გამოზომილი ძლიერი დარტყმით მიგინეიშვილს საკუთარი კარის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა - 1:0.

თითქმის მაშინვე ბერიაშვილს ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ ამჯერად მიგინეიშვილი დიდებულად გაისარჯა და თავისიანები მორიგი უსიამოვნებისგან იხსნა.

იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება, გორელებმა მთელი ძალით შეუტიეს და კვეკვესკირს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მიეცა, მაგრამ თავის ვიზავის არც ალავიძე ჩამორჩა. იგი კარის ძელთან მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია. ამის შემდეგ ბაგაევი ურტყამდა თავით, მაგრამ ბურთს ამჯერადაც ალავიძე დაეუფლა.

შეხვედრის უკანასკნელი წუთები კალეიდოსკოპური სისწრაფით წარიმართა. 85-ე წუთზე შეცვლაზე შესული მუჯირი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ აჭარელთა ვეტერანს გატანის საშუალება მიგინეიშვილმა არ მისცა. საპასუხო შეტევაში გორელიშვილი ცდილობდა თავის გამოჩენას, თუმცა მისი თავური დარტყმა ალავიძემ გაანეიტრალა. ბოლო მომენტი ბერიაშვილს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში კვლავ უცვლელი დარჩა.

ამასობაში შეხვედრის სირიელი არბიტრის სასტვენი გაისმა, რომელმაც აჭარელთა გამარჯვება დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:

ასლან ბალაძე (,,დინამო”): ,,ჩვენ მომავლის გუნდს ვაშენებთ და ამისკენ გეგმაზომიერად მივდივართ. ვიცოდით რომ მძიმე თამაში გველოდა, მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს და დიდი მადლობა მათ ამისთვის“.

უჩა სოსიასვილი (,,დილა”): ,,კარგი თამაში გამოვიდა. ისე უნდა ითქვას ხელოვნურ მინდორზე თამაშს ჩვენ შედარებით შეუჩვეველი ვართ და წაგება ამანაც განაპირობა. რაც შეეხება ჩემპიონატს, ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს და წინასწარ რაიმეს პროგნოზირება რთულია”.

,,დინამო” (ბათუმი) - ,,დილა” (გორი) 1:0 (0:0)
5 მარტი
. ,,ჩელე არენა” ქობულეთი. 1000 მაყურებელი.

,,დინამო ”: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, მახარაძე (კ), სუხიაშვილი, შონია, მაკარიანი (ჭკუასელი 53), ვარშანიძე , ქავთარაძე, ტატანაშვილი (მუჯირი 78), გ. ბერიაშვილი (ქორიძე 90+1);

მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

,,დილა”: მიგინეიშვილი, ჯაფარიძე, კვახაძე, ბაგაევი, ხურცილავა, რაზმაძე, ფალავანდიშვილი, სეთურიძე (ახალკაცი 80), გვალია (ერისთავი 60),კვეკვესკირი, გორელიშვილი;

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გოლი: 1:0 შონია (63);

გაფრთხილება: სეთურიძე (14), რაზმაძე (49), ალავიძე (72), ტატანაშვილი (74);

არბიტრი: აბდულა ბასლეჰლო (სირია)

1. დინამო თბილისი 18 11 2 5 31:17 35
2. დილა გორი 18 10 4 4 25:15 34
3. დინამო ბათუმი 18 10 3 5 22:14 33
4. სამტრედია 18 9 4 5 21:13 31
5. ცხინვალი 18 9 3 6 18:22 30
6. ჩიხურა 18 7 5 6 21:21 26
7. გურია 18 6 7 5 18:25 25
8. შუქურა 18 6 6 6 18:18 24
9. მეტალურგი რუსთავი 18 6 5 7 19:19 23
10. მერანი მარტვილი 18 5 7 6 14:15 22
11. ზესტაფონი 18 4 8 6 33:28 20
12. ტორპედო ქუთაისი 18 3 9 6 19:21 18
13. ფოთი 17 4 6 7 13:19 18
14. ზუგდიდი 17 4 6 7 10:17 18
15. ბოლნისი 18 4 5 9 15:25 17
16. ვიტ ჯორჯია 18 3 4 11 16:24 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო),

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.129319