ფეხბურთი

22:05 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო” გამარჯვების მოლოდინში

ქუთაისის “ტორპედო” სატურნირო ცხრილში მისთვის უჩვეულო ადგილს იკავებს და დღეს, ქუთათურებს 3 ქულის მოპოვება ჰქონდათ დაგეგმილი. მასპინძლებს დისკვალიფიცირებული ტუღუში და იოსელიანი ვერ დაეხმარნენ, სტუმრების დანაკლისი კი პაპუნა ფონიავა გახლდათ.

შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძელთა შეტევებით დაიწყო. ტორპედოელები სწრაფი გოლის გასატანად ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, “მერანმა” კი თავიდანვე არჩია მეორე ნომრად თამაში, ამასთან დრო და დრო საკმაოდ სახიფათო კონტრიერიშებს ახორციელებდა მოწინააღმდეგის კართან.

მასპინძლეთაგან გამორჩეული იყო დავით კირკიტაძე. მან არაერთი სახიფათო კომბინაცია წამოიწყო და საგოლე გადაცემის ავტორიც გახდა, თუმცა, მანამდე “მერანის” გოლი იყო...

მარტვილელთა საჯარიმო მისადგომებთან პირველი ხიფათი საბანაძის წაქცევის დროს დაფიქსირდა. საჯარიმო დარტყმა კლიმიაშვილმა შეასრულა მცირედ არაზუსტად. საპასუხო შეტევა კი კიჭი მელიავას ფლანგზე გარღვევას მოჰყვა. მის ჩაწოდებულ ბურთს თავი ჯღამაიამ შეუშვირა, თუმცა არც ამ ეპიზოდს მოჰყოლია შედეგი.

ქუთაისელთა ტანმაღალ ფორვარდს ოთარ კვერნაძეს 13-ე წუთზე გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი მიეცა. “ტორპედოს” კაპიტანმა ჩიკვილაძემ “მერანის” საჯარიმოში მყოფ თავდამსხმელს კარგი გადაცემა გაუკეთა და კვერნაძის თავური დარტყმა ალბათ გოლად გარდაისახებოდა, რომ არა მეკარე მამალაძის ჩინებული თამაში.

32-ე წუთზე საუცხოოდ ითამაშა საბა ლომიამ. მარტვილელმა ორი მცველის ჩამოტოვება შეძლო და მეკარესთან პირისპირ გასულს გოლის გატანა არ გასჭირვებია 0-1.

გოლის გაშვებიდან ხუთწუთიან მონაკვეთში, “ტორპედომ” სტუმართა კართან ერთგვარი შტურმი მოაწყო. ერთ-ერთ ეპიზოდში, დროის მცირე მონაკვეთში რამდენიმე ქუთაისელი ფეხბურთელი მონაცვლეობით დაემუქრა “მერანის” კარს, თუმცა დაცვის ხაზი უშეცდომო იყო.

პირველ ნახევარში “ტორპედომ” მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. ეს აკაკი შულაიას არაზუსტ პასს მოჰყვა. საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს, მისი გადაცემა მასპინძლებმა ჩაჭრეს, კირკიტაძემ ფლანგზე მიიღო ბურთი და მოწინააღმდეგე გუნდის კართან ახლოს მყოფი ნიკა საბანაძე მოძებნა. საბანაძეს ახლო მანძილიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია 1:1.

თუ პირველ ტაიმში კვერნაძემ ჩიკვილაძის გადაცემა ვერ გამოიყენა, მეორე ტაიმში იმავე კვერნაძეს კირკიტაძის პასით შეეძლო წინ გაეყვანა თავისი გუნდი, თუმცა მეკარე მამალაძე ამ ეპიზოდშიც დამაჯერებელი იყო და ბურთი ნახტომში მოიგერია, ”მერანელმა” მცველებმა კი დაზღვევაზე კარგად ითამაშეს.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მეორე ნახევარში მასპინძლებმა მრავალი სახიფათო მომენტი შექნეს და სტუმრების მხრიდანაც რამდენიმე საშიში კონტრიერიში განხორციელდა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში არ შეცვლილა და მატჩი 1:1 დასრულდა.

5 მარტი. ქუთაისის ცენტრალური სტადიონი

“ტორპედო” (ქუთაისი) – “მერანი” (მარტვილი) 1:1 (1:1)

“ტორპედო”: შეყრილაძე, ადამაძე, მირცხულავა (ზივზივაძე, 90+1), ჩიკვილაძე (ბაბუნაშვილი, 46), საბანაძე, კლიმიაშვილი, კვარაცხელია, კირკიტაძე, ქიმაძე, ჭელიძე, კვერნაძე (კვასხვაძე, 71).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

“მერანი”: მამალაძე, მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, ი.ციცხვაია, ქიქავა წყაროზია (ფიფია,75), ჯღამაია, გეგეჭკორი, შულაია (კიკნაველიძე,46), ლომია (დ. ციცხვაია, 62)

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი

გოლები: 0:1 ლომია (32), 1:1 საბანაძე (45)

გაფრთხილება: კვარაცხელია (26), ლომაშვილი (28), საბანაძე (37), ჯღამაია (50).

მთავარი მსაჯი: ჯენერ ხორავა

1. დინამო თბილისი 18 11 2 5 31:17 35
2. დილა გორი 18 10 4 4 25:15 34
3. დინამო ბათუმი 18 10 3 5 22:14 33
4. სამტრედია 18 9 4 5 21:13 31
5. ცხინვალი 18 9 3 6 18:22 30
6. ჩიხურა 18 7 5 6 21:21 26
7. გურია 18 6 7 5 18:25 25
8. შუქურა 18 6 6 6 18:18 24
9. მეტალურგი რუსთავი 18 6 5 7 19:19 23
10. მერანი მარტვილი 18 5 7 6 14:15 22
11. ზესტაფონი 18 4 8 6 33:28 20
12. ტორპედო ქუთაისი 18 3 9 6 19:21 18
13. ფოთი 17 4 6 7 13:19 18
14. ზუგდიდი 17 4 6 7 10:17 18
15. ბოლნისი 18 4 5 9 15:25 17
16. ვიტ ჯორჯია 18 3 4 11 16:24 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო),

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.113498