“კლივლენდ კავალიერსის” ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი და “ოკლაჰომა სიტი სანდერის” გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის თებერვლის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს.
ჯეიმსი თვის განმავლობაში საშუალოდ 24.7 ქულას და 7.2 პასს აგროვებდა, “კავალიერსმა” კი 11 მატჩიდან 8 სათავისოდ დაასრულა. 24 თებერვალს “დეტროიტთან” მატჩში ლებრონმა კარიერის განმავლობაში დაგროვებული პასების მიხედვით სკოტი პიპენს გადაასწრო და ამ მხრივ, ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფორვარდი გახდა.
რაც შეეხება “ოკლაჰომა სიტის”, ამ გუნდმა 12-დან 9 თამაში მოიგო, უესტბრუკი კი საშუალოდ 31.2 ქულას, 9.1 მოხსნას და 10.3 პასს აგროვებდა. რასელი ლიგის ისტორიაში მხოლოდ მ-2 კალათბურთელი შეიქმნა, რომელმაც თვის განმავლობაში (მინიმუმ 10 მატჩი) სამ კომპონენტში ამგვარი სტატისტიკური მაჩვენებელი (31-9-10) დააფიქსირა. მანამდე იგივე მხოლოდ ლეგენდარულ ოსკარ რობერტსონს მოეხერხებინა.
თებერვლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას პაუ გასოლი (“ჩიკაგო”), კარი ირვინგი (“კლივლენდი”), გრეგ მონრო (“დეტროიტი”), სტეფან კარი (“გოლდენ სტეიტი”), ჯეიმს ჰარდენი (“ჰიუსტონი”), დეანდრე ჯორდანი და კრის პოლი (ორივე – “კლიპერსი”), ნიკოლა ვუჩევიჩი (“ორლანდო”), ლამარკუს ოლდრიჯი და დემიან ლილარდი (ორივე – “პორტლენდი”) აცხადებდნენ.