კვიპროსის თასის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ფამაგუსტას “ანორთოსისმა” საკუთარ მოედანზე ფრედ 0:0 ითამაშა ნიქოზიას აპოელ-თან. ფამაგუსტელთა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს გიორგი აბურჯანიამ და ირაკლი მაისურაძემ. მაისურაძემ მატჩი სრულად ჩაატარა, აბურჯანიამ კი 89-ე წუთზე დატოვა მოედანი.
საპასუხო მატჩი ნიქოზიაში 11 მარტს გაიმართება.
გიორგი ჭანტურიას “კლუჟმა” რუმინეთის თასის მატჩში საკუთარ მოედანზე ფრედ 0:0 ითამაშა თანაქალაქელ “უნივერსიტატიასთან”. ქართველი ფეხბურთელი კლუჟელთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და 83-ე წუთზე დატოვა მინდორი.
მატჩის დასაწყისში სტუმრებს გოლის გატანი რეალური შანსი ჰქონდათ, თუმცა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს. ასევე უნდა ითქვას, რომ მე-9 წუთიდან მოყოლებული ჭანტურიას გუნდი კაცნაკლული თამაშობდა. ქართველმა ფორვარდმა 49-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
ირაკლი შეყილაძის “სუდტიროლი” იტალიის ლეგა პროს A ჯგუფის 28-ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე “ფერალპისალოსთან” მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ქართველი ფორვარდი გუნდის განაცხადში იმყოფებოდა, თუმცა თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.