ფეხბურთი

16:14 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან პრააგის დაპირება და საშიშროება რუსეთსა და ყატარს

ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის თავჯდომარე მიხაელ ვან პრააგი 2015 წელს ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. ნიდერლანდელმა პირველი დაპირება უკვე დააანონსა: იმ შემთხვევაში თუ მიხაელს აირჩევენ, ჰოლანდიელი ფიფას სკანდალურ კორუფციულ საქმეებს 2018 და 2022 წლის მუნდიალებთან დაკავშირებით ნათელს მოჰფენს.

2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში გაიმართება, ხოლო 2022 წლის მუნდიალი ყატარში შედგება. გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს მასალები, რომლის მიხედვითაც ფიფა, როგორც რუსეთის, ასევე ყატარის შემთხვევაში მოისყიდეს და აღნიშნული ქვეყნები ტურნირის მასპინძლობის უფლებას არ იმსახურებენ.

ვან პრააგს ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენციას ფიფას მოქმედი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, ვიცე-პრეზიდენტი იორდანელი ალი ბინ ალ-ჰუსეინი და ყოფილი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ გაუწევენ.

“როიტერმა” სანდო წყაროზე დაყრდნობით ცნობილი გახადა, რომ სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია არჩევნებში მხარს შვეიცარიელს დაუჭერს. “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ლუის ვან გაალმა კი თანამემამულე ვან პრააგს არჩევნებში მხარდაჭერა აღუთქვა.

0.106094