მაშინ როდესაც ფიფამ ყატარს 2022 წლის მუნდიალის ჩატარების უფლება მისცა, არაბულმა ქვეყანამ ავსტრალიას მხოლოდ 22 ხმით აჯობა. მას შემდეგ აზიის ამ ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით ფიფა მოისყიდეს.
მსოფლიო ფეხბურთის მეფედ აღიარებულმა პელემ განაცხადა, რომ ავსტრალიას შეუძლია მუნდიალს უმასპინძლოს.
“ეჭვგარეშეა, რა თქმა უნდა შეუძლია. მახსოვს, როდესაც ავსტრალიაში ვიყავი დიდი ხნის წინ, ხალხი ჯერ კიდევ მაშინ ფიქრობდა, რომ ავსტრალიას მუნდიალისთვის უნდა ემასპინძლა. ახლა კი უკვე ამის დროა. ამ ქვეყანას კარგი საფეხბურთო გუნდი ჰყავს.” – განაცხადა ბრაზილიელმა.
პელე ამ კომენტარით იოზეფ ბლატერის სიტყვებს გამოეხმაურა. ფიფას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ავსტრალია იმსახურებს მაღალი ტურნირის ჩატარების უფლებას.
“ავსტრალიის კონტინენტზე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი არ ჩატარებულა თუ არ ჩავთვლით 20-წლამდელთა მუნდიალებს 1981 და 1993 წლებში. ავსტრალიას აქვს დიდი სპორტული ისტორია და ჩემპიონთა ურიცხვი სია. ასე რომ, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, ეს ქვეყანა იმსახურებს და შეუძლია ნებისმიერ დროს მუნდიალს უმასპინძლოს.” – განაცხადა შვეიცარიელმა.