შოტლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ლეგენდარული მცველი დეივ მაკეი, რომელმაც 1963 წელს ლონდონის “ტოტენჰემთან” ერთად უეფას თასების მფლობელთა თასი მოიგო, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
“ეს ყველაზე რთულად დასაძლევი ოპონენტია, ვის წინააღმდეგაც მითამაშია. ამავე დროს ყველაზე თამამი” – იხსენებდა ჯორჯ ბესტი შოტლანდიელის შესახებ.
არცთუ შთამბეჭდავი ფიზიკური მონაცემების მიუხედავად, მაკეი მეტოქის თავდამსხმელებს შიშის ზარს სცემდა. მან კარიერა “ჰართსში” დაიწყო, ხოლო შემდეგ “ტოტენჰემში” გადაბარგდა, სადაც თასების თასი მოიპოვა, მაგრამ ფინალი ტრავმის მიზეზით გამოტოვა.
“ჩვენ საუცხოო გუნდი გვყავდა, რომელიც ნებისმიერ მეტოქეს შინაც უტევდა და სტუმრადაც. გასაოცარია, მხოლოდ ერთი საჩემპიონო ტიტული რომ მოვიგეთ”, – ამბობდა მაკეი “ტოტენჰემზე”, რომელსაც ბილ ნიკოლსონი წვრთნიდა.
მაკეიმ შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობაში 1958 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა, ხოლო მოგვიანებით ბრაიან კლაფის გაწვრთნილ “დერბი ქაუნთიში” ითამაშა. კლაფის “ლიდსში” გადაბარგების მერე, მაკეიმ 1975 წელს “დერბის” ინგლისის ჩემპიონატი მოაგებინა.
“ის საუცხოო მოთამაშე იყო, რომელსაც სრულყოფილი ფეხბურთელის ყველა თვისება ჰქონდა”, - ნათქვამია “ტოტენჰემის” განცხადებაში.
“ტოტენჰემში” მაკეის ყოფილმა თანაგუნდელმა ჯიმი გრივზმა თავის დროზე დაწერა: “ის ემახსოვრებათ როგორც “ტოტენჰემის” უდიდესი მოთამაშე და საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც “ჰართსის” ფორმა უტარებია. ეს ერთადერთი და განუმეორებელი დეივ მაკეი იყო”.