დღეს, იტალიის სერია A-ში 25-ე ტურის და მთლიანად სეზონის ცენტრალური მატჩია. რომში, “რომა” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლებს. დღეის მდგომარეობით “ბებერი ქალბატონი” მდევარს ცხრა ქულით უსწრებს და არწაგების შემთხვევაში ფაქტობრივად სკუდეტოსკენ ერთი ნაბიჯი გადადგმული ექნება. თავის მხრივ, დედაქალაქელებისთვის ეს მატჩი ბოლო შანსია 14-წლიანი პაუზის შემდგომ გაჩემპიონებისა.
ისტორიას ამ გუნდთა ბევრი დაპირისპირება ახსოვს, თანაც ისეთები, მერე, წლების განმავლობაში რომ ამახსოვრდებათ.
გავიხსენოთ 2001 წლის 6 მაისის მატჩი, რომელსაც ტურინის “დელე ალპიმ” უმასპინძლა. იმ სეზონშიც სკუდეტოსთვის ეს ორი გუნდი იბრძოდა, ოღონდ განსხვავებული მდგომარეობით. მაშინ, ლიდერი “რომა” იყო, “იუვე” კი მდევარი.
იმ შეხვედრაში კარლო ანჩელოტის გუნდს გაჩემპიონების შანსებს მხოლოდ გამარჯვება უტოვებდა და ეს ტურინელ ფეხბურთელებს გათავისებული კარგად ჰქონდათ. მატჩიც ძალზე აქტიურად დაიწყეს და ალესანდრო დელ პიეროს მიერ მეოთხე, ხოლო ზინედინ ზიდანის მეექვსე წუთებზე გატანილი გოლით ორბურთიანი ფორაც შეიქმნეს, მაგრამ... მაგრამ იმ დღეს ტურინელთათვის “დელე ალპის” შესანიშნავ ინტერიერში ისე არ ქუხდა, როგორც წვიმდა.
მეორე ტაიმში ჯერ იაპონელმა ჰიდეტოში ნაკატამ შეამცირა სხვაობა, ხოლო თამაშის ბოლოს ვინჩენცო მონტელამ სკუდეტოს ტოლფასი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
2000-2001 წლების სეზონში “რომამ” თავის ისტორიაში მესამედ და ჯერჯერობით უკანასკნელად მოიპოვა იტალიის უძლიერესი გუნდის სახელი. “იუვე” კი მაშინ მხოლოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა.
ამ დაუვიწყარი მატჩის ფრაგმენტებისთვის თვალის მიდევნება აქვე შეგიძლიათ.