ფეხბურთი

2:08 | 2.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ხარების” ბობოქრობა გრძელდება – “ინტერის” მზე ისევ ჩაესვენა

იტალიის სერია A-ს XXV ტურის მეორე სათამაშო დღე საინტერესო გამოდგა. მოგებების სერია შეწყვიტა “ინტერმა”, სტუმრად მოიგეს თავიანთი მატჩები “ლაციომ” და “ფიორენტინამ”, რომლებიც მესამე ადგილოსან “ნაპოლის” სათოფეზე მიუახლოვდნენ. რაფაელ ბენიტესის გუნდმა კი თავის მხრივ, ბრწყინვალე ფორმაში მყოფ “ტორინოსთან” წააგო.

მილანის” ინტერის” მზის ამოსვლა, როგორც ჩანს დროებითი მოვლენა გახლდათ. მიჯრით მოგებული სამი შეხვედრის შემდეგ, “ნერაძურიმ” საკუთარ მოედანზე ფლორენციის “ფიორენტინასთან” წააგო. შეხვედრა მთლიანობაში კარგი სანახავი გამოდგა და მისი ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ეგვიპტელმა მოჰამედ სალაჰმა 56-ე წუთზე შეაგდო. აღნიშნულ ეპიზოდში გამოსარჩევია მასპინძელთა სლოვენიელი კიპერის, სამირ ჰანდანოვიჩის არადამაჯერებელი თამაში. თავად სალაჰი კი, რომელიც “იებმა” იანვრის თვეში ლონდონის “ჩელსიდან” ინათხოვრეს, გუნდის ნამდვილ ლიდერად ყალიბდება. აფრიკელმა ფეხბურთელმა იისფერი მაისურით ჩატარებულ მეხუთე შეხვედრაში მე-4 გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში რობერტო მანჩინის გუნდი გატანას ეცადა და ორჯერ რეალური შანსიც მიეცა. ჯერ, მაურო იკარდიმ დაარტყა კარგი პოზიციიდან არაზუსტად, შემდგომ კი სტუმართა ბრაზილიელმა მეკარე ნეტომ შესანიშნავი სეივი შეასრულა. საბოლოოდ, ვინჩენცო მონტელას კრებულმა 1:0 მოიგო და 42 ქულით მეხუთე პოზიციაზეა, ხოლო “ინტერს” 35 ქულით მე-8 ადგილი უკავია.

შესანიშნავ გამოსვლას განაგრძობს ჯამპიერო ვენტურას “ტორინო”. ტურინელები ბოლო დროს სპეციალისტების გაოცებას ყოველ თამაშზე ახერხებენ. “ხარებმა” ამჯერად “ნაპოლის” სძლიეს. მატჩის ბედი კი ტურინელთა კაპიტანმა კამილ გლიკმა გადაწყვიტა, ვინაც 68-ე წუთზე კუთხურის შემდეგ იხეირა. აღსანიშნავია, რომ პოლონელმა მცველმა მიმდინარე სეზონში მე-6 გოლის გატანა მოახერხა. გარდა ამ გოლისა, საგოლე მომენტები მასპინძლებს კიდევ ჰქონდათ. უსაქმოდ არც რაფა ბენიტესის გუნდი ყოფილა. გონსალო იგუაინმა ახლო მანძილიდან ვერ ივარგა, ხოლო მანოლო გაბიადინის საჯარიმოს დროს “ტორინოს” მშველელად ძელი მოევლინა. საბოლოდ, მასპინძლებმა დამსახურებულად მოიგეს და გასაოცარი სერია გააგრძელეს. ვენტურას გუნდმა ბოლოს, 30 ნოემბერს ტურინულ დერბიში წააგო. “ტოროს” 36 ქულა გაუხდა ევროზონას მიუჩოჩდა. “ნაპოლი” კი 45 ქულით ისევ მესამე ადგილზეა.

ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო რომის “ლაციომ”, რომელმაც ამჯერად “სასუოლო” მისსავე მოედანზე დიდი ანგარიშით დაამარცხა. სტეფანო პიოლის გუნდმა დაწინაურება პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მოახერხა. ბრაზილიელმა ფელიპე ანდერსონმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა და ულამაზესი გოლით “ბიანკოჩელესტე” წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში სტუმრებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს. ჯერ, ვეტერანმა გერმანელმა თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ იხეირა, რომელმაც თავით აიღო ანდრეა კონსილის კარი, ხოლო შემდგომ ახლო მანძილიდან ზუსტად მარკო პაროლომ დაარტყა და მატჩის საბოლოო ანგრიში დააფიქსირა – 0:3. რომაელებს სატურნირო ცხრილში 43 ქულა გაუხდათ და მე-4 ადგილზე არიან, ხოლო “სასუოლო” 29 ქულით მეთორმეტეა.

როგორც იქნა მოგების გემო გაიხსენა გენუის “სამპდორიამ”, რომელმაც 18 იანვრის შემდგომ პირველად იმარჯვა. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდისთვის ბერგამოში, “ატალანტას” წინააღმდეგ გამართული მატჩიც ცუდად დაიწყო. მე-15 წუთზე დრამეს ჩაწოდების შემდეგ, შორეულ ძელთან ჩასაფრებულმა გუილერმე სტენდარდომ ვარდნაში ითამაშა და თავისი გუნდი დააწინაურა. მასპინძლები 68-ე წუთამდე იგებდნენ, მანამ, სანამ კოლუმბიელმა ლუის მურიელმა ლამაზი დარტყმით ანგარიში არ გაათანაბრა. 81-ე წუთზე კი მეკარე სპორტიელომ სამუელ ეტო’ოს დარტყმული ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და ცარიელი კარის დალაშქვრა სტეფანო ოკაკას არ გასჭირვებია. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და “სამპამ” მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა, რითაც მე-6 პოზიცია გაიმყარა, ხოლო “ატალანტა” 23 ქულით ისევ სახიფათო ზონასთანაა.

25-ე ტურის კვირის სათამაშო დღე სარდინიაზე დაიწყო, სადაც ადგილობრივმა “კალიარიმ” თავის საკბილო “ჰელას ვერონა” მიიღო და 1:2 დამარცხდა. სტუმრებმა დაწინაურება მალევე მოახერხეს. მე-9 წუთზე ემილ ჰალფრედსონის კარგი გადაცემის შემდეგ, ვეტერანმა ლუკა ტონიმ მასპინძელთა კარში ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა. 37 წლის ტონიმ კი მიმდინარე სეზონში თავისი მე-10 გოლი გაიტანა. ანდრეა მანდორლინის გუნდმა სხვაობა ორამდე მეორე ნახევრის დასაწყისში გაზარდა. 56-ე წუთზე მოედანზე იმ წუთს შესულმა ხუანიტო გომესმა იხეირა, ვინაც ბურთთან თავისი პირველი შეხება გოლით დაასრულა. ერთადერთი, რაც ჯანფრანკო ძოლას შეგირდებმა მოახერხეს პრესტიჟის გოლის გატანა გახლდათ. ამის გაკეთება კი 90-ე წუთზე ლეგენდარული ბრუნო კონტის შვილმა, დანიელე კონტიმ შეძლო, რომელმაც საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. ამ მარცხის შემდგომ სარდინიელთა ისედაც მძიმე სიტუაცია, კიდევ უფრო დამძიმდა. გუნდი 20 ქულით გასავარდნ ზონაშია დალექილი. “ვერონამ” კი 28 ქულას მოუყარა თავი.

სასიცოცხლო მნიშვნელობის სამი ქულა მოიპოვა გასავარდნ ზონაში მყოფმა “ჩეზენამ”. ემილია-რომანიელებმა საკუთარ კედლებში “უდინეზეს” სძლიეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი თამაშის მწურულს ალეხანდრო როდრიგესმა გაიტანა, რომელიც მოედანზე ახალი შესული იყო. არგენტინელმა ფრანკო ბრიენცას ჩაწოდების შემდეგ, მეორე სართულზე ყველას აჯობა და საკუთარ გუნდს მოაგებინა. ამ გამარჯვებით დომენიკო დი კარლოს გუნდს 19 ქულა გაუხდა და სამშვიდობო ზონას 4 ქულამდე მიუახლოვდა. “უდინეზეს” 28 ქულა აქვს და ჯერჯერობით კი მშვიდადაა, მაგრამ თუ ასე გააგრძელებს, ადვილი შესაძლებელია გავარდნის საფრთხეც დაემუქროს.

კუნძულ სიცილიაზე ერთმანეთს ადგილობრივი “პალერმო” და “ემპოლი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში საგოლე მომენტები მრავლად შეიქმნა, განსაკუთრებით მასპინძლები აქტიურობდნენ, მაგრამ მატჩი მაინც ნულოვანი ფრით დასრულდა. “ემპოლელთა” ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ თავი არაფრით გამოუჩენია. ჯუზეპე იაკინის გუნდი 34 ქულით მე-10 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო “ემპოლი” 28 ქულით მეცამეტეა.

XXV ტურის ცენტრალური მატჩი “რომასა” და “იუვენტუსს” შორის 2 მარტს გაიმართება, ხოლო “ჯენოა” – “პარმას” დაპირისპირება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

“კალიარი” – “ვერონა” 1:2 (0:1)

კალიარი, “სანტ ელია”

მაყურებელი: 9.000

“კალიარი” (4-3-2-1): ბრკიჩი; მურუ, როსეტინი, დიაკიტე, გონსალესი (ფარიასი 46); დესენა (კოპი 62), კონტი, დონსა (გალვაო 13); ეკდალი, ლონგო; მპოკუ

მწვრთნელი: ჯანფრანკო ძოლა

“ვერონა” (4-3-3): ბენუსი; პიზანო, მარკესი, მორასი, აგოსტინი; იონიტა (ობადი 88), ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი; სალა (გრეკო 72), ტონი, იანკოვიჩი (გომესი 55)

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

გოლები: 0:1 ტონი (9), 0:2 გომესი (56), 1:2 კონტი (90)

გაფრთხილება: მურუ (45), კონტი (54), გალვაო (58) – პიზანო (67), გრეკო (90), გომესი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (4) – 5 (3) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 10:1 გაფრთხილება: 3:3

მსაჯი: პაოლო ვალერი

“ატალანტა” – “სამპდორია” 1:2 (1:0)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 14.000

“ატალანტა” (4-5-1): სპორტიელო; სტენდარდო, ბელინი, ბენალუანე, დრამე; გომესი (დ’ალესანდრო 83), ბაზელი (ბოაჩი 73), ჩიგარინი, კარმონა, ემანუელსონი; პინილია (დენისი 65)

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; დე სილვესტრი, რომანიოლი, სილვესტრე, რეჯინი; დანკანი (მესბა 90), პალომბო, აკქუა; მურიელი (კორეა 78), ოკაკა, ეტო’ო

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 1:0 სტენდარდო (16), 1:1 მურიელი (68), 1:2 ოკაკა (81)

გაფრთხილება: სტენდარდო (50), დ’ალესანდრო (87) – რეჯინი (25), ვივიანო (77), ოკაკა (83), ეტო’ო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 21 (7) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 5:8 გაფრთხილება: 2:4

მსაჯი: ანტონიო დამატო

“ჩეზენა” – “უდინეზე” 1:0 (0:0)

ჩეზენა, “დინო მანუცი”

მაყურებელი: 17.000

“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; პერიკო, მაგნუსონი, კრაინჩი, კაპელი; კარბონერო, მუდინგაი (ნიკა 89), დე ფეუდისი (კაშონე 79); ბრიენცა; დეფრელი (როდრიგესი 67), ჯურიჩი

მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო

“უდინეზე” (3-5-1-1): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, ჰეტრო (ფერნანდესი 78); ვიდმერი, ალანი, ბადუ (პერიკა 84), გილერმე (კონე 71), პასკუალე; დი ნატალე; ტერო

მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი

გოლი: 1:0 როდრიგესი (76)

გაფრთხილება: მუდინგაი (18), კაპელი (26), მაგნუსონი (29) – ჰეტრო (25), დანილო (89), პერიკა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (3) – 11 (3) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 5:7 გაფრთხილება: 3:3

მსაჯი: დანიელე დოვერი

“პალერმო” – “ემპოლი” 0:0 (0:0)

პალერმო, “რენცო ბარბერა”

მაყურებელი: 16.000

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ვიტიელო, ანდელკოვიჩი, გონსალესი (ტერცი 61); მორგანელა (რისპოლი 36, ბელოტი 69), ჩოჩევი, რიგონი, იაიალო, დაპრელა; ვასკესი, დიბალა

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, ტონელი, რუგანი, მარიო რუი; ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე; საპონარა (ვერდი 66); ტავანო (ზიელინსკი 75), მაკარონე (მჭედლიძე 83)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გაფრთხილება: რისპოლი (38), დიბალა (52), დაპრელა (69) – ჰისაი (6), ვესინო (18), ზიელინსკი (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (4) – 14 (4) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 8:3 გაფრთხილება: 3:3

მსაჯი: ანჯელო ჩერველერა

“სასუოლო” – “ლაციო” 0:3 (0:1)

რეჯიო ემილია “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 13.000

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, აჩერბი, ბიანკო (ბრიგი (62), ლონგი; მისიროლი, ბიონდინი, ტაიდერი (ფლოკარი 80); ბერარდი, ძაძა, სანსონე (ლაზარევიჩი 74)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; კავანდა, დე ვრეი, მაურისიო, რადუ; კატალდი, ბილია (ლედესმა 80), პაროლო; მაური (კლოზე 66), ანდერსონი, კეიტა (კანდრევა 74)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 0:1 ანდერსონი (45), 0:2 კლოზე (70), 0:3 პაროლო (77)

გაფრთხილება: გაცოლა (21), ბიანკო (39), ლონგი (63), ტაიდერი (76) – პაროლო (29), კეიტა (42)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 21 (8) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 0:3 გაფრთხილება: 4:2

მსაჯი: კარმინე რუსო

“ინტერი” – “ფიორენტინა” 0:1 (0:0)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 39.310

“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; კამპანიარო, ვიდიჩი, ჟუან ჟესუსი, სანტონი (დ’ამბროზიო 78); გუარინი, მედელი, ბროჟოვიჩი; კოვაჩიჩი (პალასიო 73); პოდოლსკი (შაქირი 66), იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“ფიორენტინა” (4-3-3): ნეტო; ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი; აკვილანი (ვარგასი 81), ბადეი, კურტიჩი; ილიჩიჩი, ბაბაკარი (სალაჰი 43), დიამანტი (ხოაკინი 72)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლი: 0:1 სალაჰი (56)

გაფრთხილება: ვიდიჩი (49), ჟუან ჟესუსი (52), ბროჟოვიჩი (85) - აკვილანი (26), დიამანტი (69)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 9 (5) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 5:1 გაფრთხილება: 3:2

მსაჯი: დავიდე მასა

“ტორინო” – “ნაპოლი” 1:0 (0:0)

ტურინი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 20.274

“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; პერესი, ფარნერუდი, გაცი, ელ კადური (ბაშა 90), დარმიანი; კვალიარელა (ამაური 90), მარტინესი (მაქსი ლოპესი 60)

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მაჯო (ძაპატა 83), ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი; ლოპესი, გარგანო (ინლერი 73); კალეხონი, ჰამშიკი (გაბიადინი 62), დე გუზმანი; იგუაინი

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

გოლი: 1:0 გლიკი (68)

გაფრთხილება: ელ კადური (29), კვალიარელა (72) - გარგანო (34), კულიბალი (71), მაჯო (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 15 (4) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 2:6 გაფრთხილება: 2:3

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 14 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 14, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 12, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 12, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 12, მანოლო გაბიადინი (“ნაპოლი”) – 10, ლუკა ტონი (“ვერონა”) 10.

0.214533